თინა ხიდაშელი: ნატოში გაწევრიანებას სჭირდება პოლიტიკური კონსენსუსი

ყოველი ასეთი სწავლება არის სულ უფრო მეტი სიახლოვის გარანტია ნატოსთან, თუმცა შეიარაღებული ძალების სიახლოვე არ არის საკმარისი ნატოში გაწევრიანებისთვის, – განუცხადა ჟურნალისტებს ვაზიანში „ღირსეული პარტნიორი 2016“-ის დასრულების შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა.
მისი თქმით, ნატოს წევრობას ყველა წევრ ქვეყანას შორის კონსენსუსი სჭირდება.
„ყოველი ასეთი სწავლება სულ უფრო მეტი სიახლოვის გარანტიაა საქართველოს შეიარაღებული ძალების ნატოსთან. თუმცა შეიარაღებული ძალების სიახლოვე არ არის საკმარისი და ნატოში გაწევრიანებას სჭირდება პოლიტიკური კონსენსუსი. თავისთავად ის ფაქტი, რომ ჩვენ აქ, ამ მოედანზე, სადაც გვყავდა წარმოდგენილი ქართული ასეული, რომელიც არის ოფიციალურად ნატოს ასეული, მოწმობს, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში ფუნდამენტური ნაბიჯები გადავდგით და ძალიან წინ წავედით. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, საბოლოო გადაწყვეტილებას სჭირდება 28-ვე წევრს შორის კონსენსუსი. ეს მხოლოდ იმასთან არ არის დაკავშირებული, რამდენად მომზადებული, ძლიერი და თავსებადი იქნება ჩვენი შეიარაღებული ძალები ნატოსთან“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
ვაზიანის პოლიგონზე ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლების ”ღირსეული პარტნიორის” საჩვენებელი სწავლება დასრულდა. სწავლებაში მონაწილეობდა ერთობლივი, გაძლიერებული ოცეულის დონის დანაყოფი – 1 ამერიკული M1A2 ტიპის ტანკი ABRAMS, ერთი ქვეითთა საბრძოლო მანქანა M2 BRADLEY, T-72 ტიპის ტანკი და ქვეითთა საბროლო მანქანა “ბმპ 2”. სწავლებაში ასევე მონაწილეობს ქართული CU-25 ტიპის თვითნფრინავი, UH-1H “იროკეზის” ტიპის შვეულმფრენი, ამერიკული 105 მმ. ჰაუბიცები და 81 მმ. ბრიტანული ნაღმმტყორცნი. ქართულ-ამერიკულ სწავლებაში 1300 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა – მათ შორის 500 ქართველი, აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის 650 და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს 150 სამხედრო მოსამსახურე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები