გოგი თოფაძე: უნდა ავკრძალოთ არასამთავრობოების წივილ -კივილი და გაქაჩვები

უნდა ავკრძალოთ ეს დებოში, არასამთავრობოების აქტიურობა, წივილ -კივილი და გაქაჩვები“, – ასეთი შეფასება მისცა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, „მრეწველთა პარტიის“ ლიდერმა გოგი თოფაძემ ბოტანიკური ბაღის ირგვლივ აგორებულ აჟიოტაჟს.
მისივე განცხადებით, ის, რაც დღეს პოტანიკურ ბაღში უნდა გაკეთდეს, საზოგადოებისთვის გაცილებით უფრო სასარგებლო იქნება.
„ის აჟიოტაჟი, რომელიც ჩვენმა ოპონენტებმა ატეხეს, აგონიაა, საერთოდაც, ისინი ყველა თემაზე აჟიოტაჟს ტეხავენ და ესეც მათი აგონიის მომასწავებელია. გინახავთ ვინმეს ბოტანიკური ბაღი 8 -10 წლის წინ, ახლა თუ შეადარებთ, ნახავთ, თუ რა განსხვავებაა და რა ინვესტიციები გაკეთდა ბაღში, თუმცა ამას არავინ ლაპარაკობს, არადა ის, თუ ვინც გააკეთა, ყველასთვის კარგად ცნობილია.
თუ ვინმეს გინახავთ ის პროექტი, არ მგონია, დადებითად არ შეაფასოთ. ეს არის კარგად დაგეგმილი სარეკრეაციო ზონა, რომელიც თბილისელებს ბევრ სიკეთეს მოუტანს. უნდა ავკრძალოთ ეს დებოში, არასამთავრობოების აქტიურობა, წივილ-კივილი გაქაჩვები. ამ ახალგაზრდებს რომ უფრო რეალური წარმოდგენა ჰქონდეთ იმაზე, თუ რა არ კეთდება თბილისში, მაშინ სერიოზულ, საქმიან პრეტენზიებს წაუყენებდნენ ქალაქის მერს და პასუხსაც მოსთხოვდნენ“, – განაცხადა თოფაძემ.
მისივე განმარტებით, თბილისში მერიას და მის ხელმძღვანელობას საქმიანობაში საკმაოდ ბევრი ხარვეზი აქვთ, თუმცა ეს მხოლოდ ქალაქის მერის დანაშაული არ არის, რადგანაც ის შესაძლოა, ვერ ერკვეოდეს ეკონომიკაში და რიგ ტექნიკურ საკითხებში. თოფაძის განცხადებით, იმ საკითხებს შორის, რომლებიც ქალაქ თბილისის მერიამ უნდა დაარეგულიროს, არის როგორც საგზაო ტრანსპორტირების პრობლემა, ასევე ნაგვის მანქანების გადაადგილების საკითხიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები