გოგი თოფაძე – დავით კოღუაშვილი თითის ქნევით გააფრთხილეს, ასეთი უაზრობა როგორ ჩაიდინეო

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, „მრეწველთა პარტიის“ ლიდერის, გოგი თოფაძის განცხადებით, დავით კოღუაშვილის მიერ ბოლო რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადების გამო ის მწვავედ გააკრიტიკეს და თითის ქნევითაც გააფრთხილეს.
თუ ვინ დატუქსა კოღუაშვილი, ინფორმაცია ამის შესახებ თოფაძეს არ აქვს. თუმცა ის მიიჩნევს, რომ ისეთ გამოცდილ პოლიტიკოსს, როგორიც კოღუაშვილია, ასეთი ტიპის შეცდომა არ უნდა დაეშვა.
„დავით კოღუაშვილი გამოცდილი პოლიტიკოსია, არ უნდა შეეშალოს გამოცდილ პოლიტიკოსს, მაგრამ შეეშალა და მოიბოდიშა კიდეც. რაც შეეხება იმას, გარიცხავენ თუ არა მას პოლიტსაბჭოდან, ვერ გეტყვით, აღარ ვესწრებით ჩვენ პოლიტსაბჭოს ყრილობებს. ცხადია, რომ რაღაც ინფორმაცია, რა თქმა უნდა, მოდის. სერიოზული კრიტიკა იყო, თითის ქნევით გააფრთხილეს, რომ ასეთი გამოცდილი პოლიტიკოსი რომ ხარ, ასეთი უაზრობა როგორ ჩაიდინეო. ვინ გააფრთხილა, არ ვიცი, არ ვესწრებოდი, თუმცა ეს ინფორმაცია ყოფილი წევრებისგან მაქვს. რას გადაწყვეტენ, არ ვიცი, თუმცა მან მოიბოდიშა კიდეც. შესაძლოა, რაღაც რადიკალური გადაწყვეტილებაც მიიღონ, მაგრამ გარიცხავენ თუ არა „ქართული ოცნებიდან“, არ ვიცი“.
შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ დავით კოღუაშვილი „ქართული ოცნების“ ლიდერად აირჩიონ, თოფაძემ განაცხადა, რომ არ იცის, რას იზამენ პარტიაში, თუმცა არ ჰგონია, რომ საქმე ამ მიმართულებით წავიდეს. „უმრავლესობის ლიდერი კოღუაშვილი? არ ვიცი, „ოცნებაში“ რას იზამენ, მაგრამ არ მგონია, რომ ასე წავიდეს საქმე“,- განაცხადა თოფაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები