პარლამენტის თავმჯდომარე გამოდის ინიციატივით, ”ზონდერობის” წინააღმდეგ საბრძოლველი ქმედითი ინსტრუმენტი შეიქმნას

პარლამენტის თავმჯდომარე გამოდის ინიციატივით, ”ზონდერობის” წინააღმდეგ საბრძოლველი ქმედითი ინსტრუმენტი შეიქმნას, – ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
”მინდა მივმართო ყველა პოლიტიკური ფრაქციის წარმომადგენელს, ვინც მზად არის, ერთად უკომპრომისოდ შევებრძოლოთ ”ზონდერობას”, უახლოეს ხანში ვიფიქროთ და შევქმნათ ქმედითი მექანიზმი, რომ საქართველოს პარლამენტმა გადამწყვეტი სიტყვა თქვას ასეთ მოვლენებში. მე არ ვსაუბრობ მექანიზმზე, რომელიც, შესაძლოა, აღმოჩნდეს გაგრძელება ამა თუ იმ დებატების, ამისთვის ტრიბუნა არსებობს, სადაც ადამიანებს შეუძლიათ, საკუთარი ინტერესები დაიცვან, მე ვსაუბრობ ადამიანებზე, რომლებიც მზად იქნებიან, პირველ რიგში, საკუთარ პოლიტიკურ მხარდამჭერებს მიუთითონ, თუკი მსგავსი პრობლემა იქნება წარმოჩენილი”, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა და თავისი პარტიის წევრებს და კოლეგა დეპუტატებს მიმართა.
”როგორც ”რესპუბლიკური პარტიის” წევრი და წარმომადგენელი, პირველ რიგში, მივმართავ „რესპუბლიკელებს“, თუ მსგავსი წინადადების ან ინიციატივის სახით იქნება სადმე დანახული, პირველი მე ვიქნები, ვინც ამას დაგმობს და არ დაუშვებს. მივმართავ იმ კოლეგებს, ვინც ამისთვის მზად არიან, საკუთარ პოლიტიკურ გუნდებში გაატარონ ასეთი უკომპრომისო პოზიცია. ვინ არის მზად და ვინ არა, ვლინდება საუბრისას”, – განმარტა პარლამენტის თავმჯდომარემ.
დავით უსუფაშვილმა უახლოეს დღეებში ფრაქციების წარმომადგენლებს კონსულტაციების დაწყება შესთავაზა.
”მე, რამდენიმე დღეში ვარ მზად ყველასთან კონსულტაციებისთვის. არ მინდა პარლამენტის საქმიანობა საარჩევნო პერიოდში იყოს ზედმეტად გადატვირთული მსგავსი თემებით, ამიტომ ამას ნუ გავაკეთებთ პარლამენტის ბიუროზე ხანგრძლივი მსჯელობის საგნად, მაგრამ ჩვენ გვაქვს საკმარისი დრო, რომ მსგავს საკითხებს დავუთმოთ საკმარისი ყურადღება და ადგილი. გთავაზობთ ყველა ფრაქციის წარმომადგენელს, დამიკავშირდით ყველა, ვინც ამ სულისკვეთებას იზიარებთ”, – მიმართა უსუფაშვილმა კოლეგებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები