დავით უსუფაშვილი: ვინც კუნთებით შეეცდება არჩევნებში გამარჯვებას, წააგებს თავს

ვინც ძალადობის გზით შეეცდება პრობლემების მოგვარებას, ყველაზე მეტად და ყველაზე მწარედ დამარცხდება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც კორცხელში გუშინ მომხდარი დაპირისპირება შეაფასა.
„ყველა, ვინც კუნთებით შეეცდება არჩევნებში გამარჯვებას, წააგებს თავს, და ვინც ძალადობის გზით შეეცდება პრობლემების მოგვარებას, ყველაზე მეტად და ყველაზე მწარედ დამარცხდება. ეს არ არის ჩემი ანალიზი, ეს არ არის ჩემი რჩევა, ეს არ არის ჩემი გაფრთხილება, ეს არის ჩემი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის დაპირება. მე მჯერა, რომ დღეს, აქ, ამ დარბაზშიც, პარლამენტში და მთლიანად საქართველოშიც გაცილებით მეტნი ვართ ანტიზონდერები, ვიდრე კონტრზონდერები. ყველა, ვინც ძალადობრივი გზით ცდილობს უპირატესობის მოპოვებას, ემსახურება იმას, რომ დაასუსტოს ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საჭიროა ყველა პოლიტიკურმა ძალამ ამ საკითხისადმი უკომპრომისო დამოკიდებულება გამოხატოს.
„ყოველგვარი საუბარი იმის თაობაზე, რომ ერთ მხარეს იყო ოთხი ჯოხი, მეორე მხარეს ორი ქვა, აქედან იყო ოთხი მუშტი, იქიდან იყო ერთი და ა.შ. ეს არის არასწორი საუბარი და ჩვენ ამ საუბარში არ უნდა ჩავერიოთ. უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ თუ ზოგადად მზად ვართ, ვცემოთ პოლიტიკური ოპონენტი, ამას, ან საკუთარი ინიციატივით გავაკეთებთ, ან ვინმე თავს გვაცემინებს. ამიტომ საჭიროა, რომ არ ვიყოთ მზად პოლიტიური ოპონენტის საცემრად, მაშინ თავიდან აცილებული იქნება, როგორც ძალადობის ინიციატივა, ასევე ძალადობის პროვიცირება. მინდა მივმართო ყველა პოლიტიკური ფრაქციას, წარმომადგენელს, ვინც მზად არის, ერთად და უკომპრომისოდ შევებრძოლოთ ზონდერობას, მოვუწოდებ უახლოეს ხანებში ვიფიქროთ და შევქმნათ ქმედითი მექანიზმი იმისათვის, რომ საქართველოს პარლამენტმა გადამწყვეტი სიტყვა თქვას ასეთ პროცესებში“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები