თბილისს ევროკავშირის ექსპერტთა შემფასებელი მისია ეწვევა

  საქართველო-ევროკავშირის სავიზო დიალოგის ფარგლებში, თბილისს ხვალ ევროკავშირის ექსპერტთა შემფასებელი მისია ეწვევა.
ვიზიტის მიზანი საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) საკანონმდებლო ფაზით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შეფასებაა. მისიის ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები საქართველოს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან და განხილული იქნება საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების, ისევე, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებებით სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების მდგომარეობა.
ვიზიტის დასასრულს შედგება დასკვნითი შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში, რომლის ფარგლებშიც ზემოხსენებულ სფეროებში კანონმდებლობის დახვეწის თვალსაზრისით ქართული მხარის მიერ გაწეული ძალისხმევა და რეფორმები შეჯამდება.
ევროკავშირის ექსპერტთა შემფასებელი მისიის ვიზიტი საქართველოში 10 აპრილამდე გაგრძელდება. ექსპერტთა დასკვნების საფუძველზე კი ევროკომისიის ანგარიში მომზადდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები