კახა კალაძე: “ქართული ოცნების” მხარდამჭერი იქნება, თუ “ნაციონალური მოძრაობის”, ყველამ უნდა აგოს პასუხი

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე კორცხელში სპორტსმენების მობილიზებასთან დაკავშირებით მისი მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებს ”სასაცილოს” უწოდებს.
მისივე თქმით, საქართველოში მუშტით ანგარიშსწორება ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს.
”სასაცილოა, არ ვიცი, რამდენად სერიოზულად უნდა ვუპასუხო ამ ბრალდებას, პირადად მე და პარტია ”ქართული ოცნება” ვგმობთ, რაც გუშინ მოხდა. კატეგორიულად მიუღებელია ეს პირადად ჩემთვის, რადგან პირადად მაქვს გამოვლილი ასეთი სიტუაციები, როცა ქვებს გვესროდნენ და არ დავუშვებ იგივე განმეორდეს ჩვენი ოპონენტების მიმართ. ძალიან მძიმე საყურებელი კადრები იყო, რაც ვნახეთ. დაწყებულია მოკვლევა და არ აქვს მნიშვნელობა, ”ქართული ოცნების” მხარდამჭერი იქნება, თუ ”ნაციონალური მოძრაობის”, ყველამ უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე.
პოლიტიკა უნდა გადავიყვანოთ თანამედროვე საფეხურზე. არის ნაბიჯები, გადადგმული ამ მიმართულებით, თუმცა არის მიმართულებები, სადაც მოვიკოჭლებთ, ხელისუფლებას და ოპოზიციას გვმართებს ერთობლივი მუშაობა. მოკვლევა დაწყებულია, იდენტიფიცირება დაწყებულია და, შესაბამისად, დარწმუნებულნი ვართ, ყველა ის ადამიანი იქნება დაკავებული და კანონის წინაშე აგებს პასუხს, ვინც მონაწილეობდა”, – აღნიშნა კალაძემ.
კითხვაზე, ვინ იყვნენ სპორტსმენები, კალაძემ აღნიშნა, რომ ისინი არიან მხარდამჭერები.
”როგორც ”ნაციონალურ მოძრაობას“ და მის ლიდერებს – გიგა ბოკერიას, ნიკა მელიას და სხვებს ახლდნენ თავიანთი მხარდამჭერები, ისე ”ქართულ ოცნებას” ჰყავდა თავიანთი მხარდამჭერები. ეს საარჩევნო პროცესში ნორმალურია. ხდება მხარდამჭერების მობილიზება, გამხნევება, ეს სიახლე არ არის, თუმცა ფაქტი, რომელიც მოხდა, პირადად ჩემთვის მიუღებელია. ეს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას უშლის ხელს და ყველამ ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ ასეთი ფაქტები არ  განმეორდეს”, – აღნიშნა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები