საქართველოს პრეზიდენტი – საქართველოს წინაშე კვლავ დგას „მცოცავი ოკუპაციის“ პრობლემა

“უნდა გავერთიანდეთ არა მხოლოდ კონფლიქტებზე რეაგირების, არამედ მათი თავიდან აცილებისა და აღმოფხვრის მიზნით”, – ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სტამბოლში ჰუმანიტარულ სამიტზე 70-მდე ქვეყნის მეთაურს ლიდერთა სეგმენტის დახურულ შეხვედრაზე.
გიორგი მარგველაშვილმა გაეროს გენერალურ მდივანს, ბან კი მუნს და თურქეთის პრეზიდენტს ჰუმანიტარული სამიტის ინიცირებისა და ორგანიზებისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პირველი მსოფლიო ჰუმანიტარული სამიტი ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ მსოფლიოს, ჰუმანიტარული საკითხების მიმართ გლობალური ყურადღებისაკენ.
საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა რუსეთის ოკუპაციაზე, საერთაშორისო თანამშრომლობასა და დევნილთა პრობლემების მოგვარების აუცილებლობაზე.
„საკითხი, რომელიც უნდა განვიხილოთ არა მხოლოდ მნიშვნელოვანი, არამედ ძალიან ნაცნობია საქართველოსთვის. სამწუხაროდ, ჩემმა ქვეყანამ კარგად იცის ოკუპაციისა და ეთნიკური წმენდის ტკივილი.
ჩვენი მოსახლეობის ნახევარი მილიონი დევნილი და იძულებით გადაადგილებული პირია. ჩვენ წინაშე კვლავ დგას გამყოფი ხაზებისა და „მცოცავი ოკუპაციის პრობლემა“. რუსეთი მუდმივად ავლებს მავთულხლართებსა და ღობეებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებში, რათა მოახდინოს ხალხის იზოლირება და წაართვას მათ ერთმანეთთან კომუნიკაციის უფლება, მიუხედავად მათი სურვილისა.
სულ რამდენიმე დღის წინ, ჩვენ მოწმენი გავხდით სასტიკი ტრაგედიისა, როდესაც რუსმა სამხედროებმა უდანაშაულო და მშვიდობიანი ქართველი მოქალაქე მოკლეს საოკუპაციო ხაზთან”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, დამოუკიდებლობის დაბრუნების პირველივე დღიდან, ბოლო 25 წლის განმავლობაში, საქართველოს ქმედება ყოველთვის შეესაბამებოდა ამ ჰუმანიტარული სამიტის სულისკვეთებას.
„საქართველო კვლავ რჩება გაეროს მიერ წარმოდგენილი ხუთი ძირითადი ვალდებულების ერთგული. საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების შესაბამისად ჩვენ ორიენტირებულნი ვართ კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებაზე და ასევე, იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების მოგვარებაზე“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, დღევანდელ ცვალებად მსოფლიოში, თანამშრომლობის გაძლიერება უმნიშვნელოვანესია. უნდა გავერთიანდეთ არა მხოლოდ კონფლიქტებზე რეაგირების, არამედ მათი თავიდან აცილებისა და აღმოფხვრის მიზნით. უნდა გავაერთიანოთ ძალისხმევა, რათა დავეხმაროთ მოსახლეობის ყველაზე დაუცველ ჯგუფებს, პირველ რიგში, ტერორიზმის, აგრესიისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის მსხვერპლებს.
„მხოლოდ ჩვენი ერთობით და ქმედითი თანამშრომლობით, უზრუნველვყოფთ უკეთეს მომავალს მომავალი თაობებისათვის”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ლიდერთა სეგმენტზე სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები