„ვერ ვიტყვით, რომ „ქართულ ოცნებაში“ არ არიან „ნაციონალური მოძრაობის“ „მამალი” წარმომადგენლები“

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გუგული მაღრაძე მიიჩნევს, რომ „ქართულ ოცნებაში“ ჯერ კიდევ არიან „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი, “მამალი” წარმომადგენლები, მისი განცხადებით, “ქართულმა ოცნებამ“ შეგნებულად არ მიმართა წინა ხელისუფლების ხერხს, რომლის მიხედვითაც ის მის მიმართ არალოიალურად განწყობილ ადამიანებს სამსახურის გარეშე ტოვებდა. უმრავლესობის წევრის განცხადებით, ვითარება ამ კუთხით, რეიონებში განსაკუთრებით მწვავედ დგას, თუმცა, ამის მიუხედავად, გამორიცხულია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნებში მხარდაჭერა მოიპოვოს.
„ვერ ვიტყვით იმას, რომ „ქართულ ოცნებაში“ არ არიან „ნაციონალური მოძრაობის“ „მამალი“ წარმომადგენლები. მაპატიეთ ამ სიტყვისთვის, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ ე.წ. წმენდა ნამდვილად არ ჩაუტარებია, კერძოდ კი, ის, რაც თავის დროზე სააკაშვილმა გააკეთა, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა. თქვენ კარგად იცით, რომ საჯარო სამსახურები დაატოვებინეს არა მხოლოდ იმათ, ვინც მათ მიმართ ლოიალური არ იყო, არამედ იმათაც, ვინც ოდნავ მაინც ლოიალური იყო.
მათ შექმნეს მათი ერთგული ადამიანებით დაკომპლექტებული მექანიზმები. ჩვენ ასეთი რამ არ გაგვიკეთებია. როდესაც რაიონებში ჩავდივართ, გვეუბნებიან, რომ ის ადამიანი, რომელიც თქვენთან არის, „ნაციონალების“ დროსაც იყოო. გარკვეული შეხედულებების გამო ჩვენ არ გავაკეთეთ ეს. გვირჩევნია კოჰაბიტაციით, ჭრიალ-ჭრიალით და წვალებ-წვალებით წავიდეთ წინ და ასეთი ტიპის ღონისძიებები არ გავატაროთ. მე არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენს შორის არიან ისეთი ადამიანები, განსკაუთრებით კი რაიონულ დონეზე, რომლებიც მათ ინფორმაციას აწვდიან, აკეთებენ და ამბობენ ისეთს, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს აურზაური. მე არ მგონია, რომ საქართველოს მოსახლეობა ისეთი გულმავიწყი იყოს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სერიოზული მხარდაჭერა მიიღოს – გამორიცხული ამბავია“,- განაცხადა მაღრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები