შოთა ხაბარელი: კორცხელში სპორტსმენების არანაირ მობილიზებას ადგილი არ ჰქონია
პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის შოთა ხაბარელის განცხადებით, კორცხელში სპორტსმენების არანაირ მობილიზებას ადგილი არ ჰქონია.
როგორც ხაბარელმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, კორცხელში არცერთი გამოჩენილი სპორტსმენი და საქართველოს ნაკრების წევრი არ იმყოფებოდა.
”იქ არ იყო არცერთი გამოჩენილი სპორტსმენი. არცერთი გამოჩენილი სპორტსმენი და საქართველოს ნაკრების არცერთი წევრი მე იქ არ მინახავს. ისინი არიან საქართველოს მოქალაქეები და ჩვეულებრივად იყვნენ ჩასულნი. იმაში დარწმუნებული ვარ, რომ ისინი იქ სპეციალურად მობილიზებული არ იყვნენ. რაც მოხდა, იყო პირდაპირი პროვოკაცია. თქვენ ნახეთ, როგორ გამოდიოდა ნიკა მელია. დაპირისპირება მისი მხრიდან დაიწყო, ეს ადამიანები წამოეგნენ პროვოკაციაზე და ჩვენ მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. მომხდარი დასაგმობი ფაქტია და ასეთი რამ აღარ უნდა განმეორდეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მომხარი იყო მიზანმიმართული პროვოკაცია “ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან“, – განუცხადა ჟურნალისტებს შოთა ხაბარელმა.
გუშინ, კორცხელის #53-ე უბანზე ”ნაციონალური მოძრაობისა” და ”ქართული ოცნების” წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. არსებული ინფორმაციით, ჩხუბში სპორტსმენებიც იყვნენ ჩართულნი და გამოყენებული იყო ხელკეტები. შეტაკების შედეგად დაშავდა ”ნაციონალური მოძრაობის” რამდენიმე წევრი, მათ შორის ნიკა მელია, გიგა ბოკერია და თენგიზ გუნავა, ასევე, ”ქართული ოცნების” მხარდამჭერები და აქტივისტები. კორცხელში მომხდარ დაპირისპირებაზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს.