21 მაისს კავკასიური ომების მსხვერპლთა ხსოვნის დღე აღინიშნება

საჭიროა სათანადოდ გაანალიზდეს ეს მოვლენები და მათი შედეგები, ისევე, როგორც მათი გავლენა დღევანდელ კონფლიქტებზე, რათა თავიდან იქნას აცილებული მსგავსი ქმედებები მომავალში, – ასე გამოეხმაურა სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი რუსულ-კავკასიური ომების მსხვერპლთა ხსოვნის დღეს, რომელიც 21 მაისს აღინიშნება, როდესაც 1864 წელს საბოლოოდ დასრულდა რუსეთ-კავკასიის ომი.
ომბუდსმენის განცხადებაში ნათქვამია, რომ მუჰაჯირობამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი აფხაზეთში დემოგრაფიულ პრობლემას, რომელიც აფხაზებისათვის დღესაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად რჩება.
”ომში დამარცხდნენ კავკასიის ხალხები, მათ შორის ადიღეელები, უბიხები და აფხაზები. ომებისა და მუჰაჯირობის შედეგად ფაქტობრივად გაქრა ამ ხალხების კვალი მათი საცხოვრებელი ადგილებიდან, დაიკარგა მათი მატერიალური კულტურა და ენა. ომის დასრულების შემდეგ, 1864-1877 წლებში, მუჰაჯირობის შედეგად იძულებით გადაასახლეს კავკასიის მთის ხალხთა დიდი ნაწილი. 80 000-მდე აფხაზი იძულებული გახდა, დაეტოვებინა საკუთარი სამშობლო, რის შედეგადაც თითქმის გაუკაცრიელდა დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორია. მუჰაჯირობამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი აფხაზეთში დემოგრაფიულ პრობლემას, რომელიც აფხაზებისათვის დღესაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად რჩება.
მუჰაჯირობა შეეხოთ ქართველ მუსულმანებსაც, ძირითადად, დღევანდელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან და სამცხე-ჯავახეთიდან. სახალხო დამცველი პატივს მიაგებს კავკასიური ომების მსხვერპლთა ხსოვნას. საჭიროა სათანადოდ გაანალიზდეს ეს მოვლენები და მათი შედეგები, ისევე, როგორც მათი გავლენა დღევანდელ კონფლიქტებზე, რათა თავიდან იქნას აცილებული მსგავსი ქმედებები მომავალში. ამ მოვლენის სათანადო შეფასება ხელისუფლებებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან და აქტიური ნაბიჯების გადადგმა ამ ხალხთა უფლებების დაცვის მიმართულებით, ხელს შეუწყობს რეგიონში მშვიდობას და ამ ხალხთა უფლებების აღდგენას”, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები