ევროპარლამენტის დელეგაცია საქართველოსთვის ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას მხარდაჭერას უცხადებს

ევროპარლამენტის დელეგაცია საქართველოსთვის ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს და პროცესის წარმატებით დასრულებას ელოდება, – ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის, თავდაცვისა და უშიშროების ქვეკომიტეტის წევრებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელი შეხვედრისას განაცხადეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბრის ძირითადი თემები საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები იყო.
დელეგაციის წევრები ასევე ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხებით დაინტერესდნენ.
შეხვედრაზე საუბარი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასაც შეეხო.
პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოთქვა შეშფოთება ცხინვალის დე ფაქტო ხელმძღვანელობის გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთის ფედერაციაში შესვლის შესახებ შესაძლო რეფერენდუმის ჩატარებას ეხება და აღნიშნა, რომ მსგავსი განცხადებები საერთაშორისო სამართლის პრინციპებს ეწინააღმდეგება. გიორგი კვირიკაშვილმა დელეგაციას მიაწოდა ინფორმაცია, რომ ადმინისტრაციულ სასაზღვრო გამყოფ ზოლზე გრძელდება ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის გატაცების ფაქტები, ასევე, აფხაზეთში, გალის რაიონში, ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას ეზღუდება განათლების ქართულ ენაზე მიღების უფლება.
შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე, პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები