ირაკლი კობახიძე: „გერმანული მოდელი” პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მოქმედ ჩანაწერს

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ე.წ. გერმანული მოდელი პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მოქმედ ჩანაწერს.
კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი განმარტავს, რომ „გერმანულ მოდელს“ ეწოდება „პერსონალიზებული პროპორციული“ საარჩევნო სისტემა, რაც ნიშნავს იმას, რომ გერმანული სისტემის მიხედვით, პარლამენტის 150-ივე მანდატი პროპორციული სისტემით ნაწილდება.
პროპორციული არჩევნები პერსონალიზებულია იმით, რომ სისტემის ფარგლებში 73 მაჟორიტარიც აირჩევა. თუმცა, მაჟორიტარული არჩევნები, პრაქტიკულად, არ ახდენს გავლენას 150 მანდატის განაწილების პროპორციაზე.
ოპონენტების შენიშვნაზე, რომლის თანახმად, გერმანული მოდელის მიხედვითაც, საბოლოოდ, პარლამენტში სიით მაინც 77 დეპუტატი შედის, კობახიძე განმარტავს, რომ სწორედ აქ უშვებენ ოპონენტები, ნებით თუ უნებლიეთ, შეცდომას.
“77 დეპუტატის პროპორციული სისტემით არჩევა არ ნიშნავს მათ სიით არჩევას. ჩანაწერი – პროპორციული სისტემით აირჩევა. 77 პარლამენტის წევრი ნიშნავს იმას, რომ – ა) 77 დეპუტატი აირჩევა სიით და ბ) 77 მანდატი სიებზე ნაწილდება მიღებული ხმების პროპორციულად. სწორედ ამასთან არის წინააღმდეგობაში გერმანული მოდელი, რომლის მიხედვითაც პარტიულ სიებზე არა 77, არამედ 150 მანდატი ნაწილდება, მიღებული ხმების პროპორციულად“, – აცხადებს კობახიძე.
კითხვაზე, კანონპროექტი პარლამენტში ინიცირებულია „რესპუბლიკელების“ მიერ, რომლებიც ყველაზე მეტად კვალიფიციური იურისტებით იწონებენ თავს, კობახიძე აცხადებს, რომ მისთვის განსაკუთრებულად შემოაშფოთებელი სწორედ ეს ფაქტია.
„ეს ფაქტი არის, პირადად, ჩემთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელი. საქართველოს კონსტიტუციასთან გერმანული მოდელის წინააღმდეგობა საშუალო კვალიფიციის მქონე იურისტისთვისაც კი იმდენად ცხადია, რომ მის ინიცირებას არავითარი ახსნა არ აქვს. როგორი პოლიტიკური მიზანიც არ უნდა გამოძრავებდეს, პროფესიულ ღირსებაზე უარის თქმას არაფერი ამართლებს“, -აღნიშნავს კობახიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები