დავით უსუფაშვილი: თუ პრეზიდენტს პარლამენტისგან რაიმე საკითხი დადგენილ ვადაში ადრე სჭირდება, შეუძლია თბილისში მობრძანდეს

„თუ პრეზიდენტს პარლამენტისგან რაიმე საკითხი დადგენილ ვადაში ადრე სჭირდება, შეუძლია ქუთაისში არა – თბილისში მობრძანდეს“,-აღნიშნული განცხადებით პრეზიდენტს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებების პროექტის გადაგზავნასთან დაკავშირებით უპასუხა.
მისივე თქმით, თუ რაიმე დასჭირდება პრეზიდენტისგან დათქმულ ვადაზე ადრე, სიამოვნებით ესტუმრება მას ავლაბრის რეზიდენციაში.
როგორც უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, პროექტი ბოლო დამუშავების სტადიას გადის, როგორც ეს კანონით არის გათვალისწინებული და პრეზიდენტს ის უახლოეს ხანში, კონსტიტუციით დადგენილ ვადებში გადაეგზავნება.
“მისი შემდგომი მომავალი ბედი დამოკიდებულია იმ გადაწყვეტილებებზე, რასაც პრეზიდენტი და პარლამენტი მიიღებს. პარალელურ რეჟიმში, პროექტი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ინიციატივით და თხოვნით ვენეციის კომისიაში იგზავნება დასკვნისთვის. ასე რომ, ამ კონკრეტულ საკითხში სხვა უფრო კვალიფიციური და ავტორიტეტული სუბიექტების აზრიც გაჩნდეს“, – განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.
უსუფაშვილის თქმითვე, იმ შემთხვევაში, თუ „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონპროექტს პრეზიდენტი ვეტოს დაადებს, „რესპუბლიკელების“ გადაწყვეტილება იგივე იქნება.
აღსანიშნავია, რომ “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში განხორციელებულ ცვლილებებს “რესპუბლიკელებმა“ მხარი არ დაუჭირეს.
“რაც შეეხება იმას, მხარს დავუჭერთ თუ არა პრეზიდენტის შენიშვნებს, ეს დამოკიდებული იქნება შენიშვნებზე და არა მიღებულ კანონზე“, – დასძინა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები