პარლამენტის თავმჯდომარე: საარჩევნო სისტემის კუთხით ყველაზე უარესი ვითარებაა

„საარჩევნო სისტემის კუთხით, ყველაზე უარესი ვითარებაა“,-ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განუცხადა. პარლამენტში, “რესპუბლიკლების“ მიერ წარდგენილ საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანულ მოდელზე საუბრისას, უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ არ იცის, არჩევნებამდე დარჩენილ დროში, რა სასიკეთო ცვლილება შეიძლება განხორციელდეს.
მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით ოპტიმისტურად განწყობილი არ არის.
“ვწუხვარ, რომ თითქმის წელიწადზე მეტია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით პოლიტიკური ძალების, დაინტერესებული მხარეების შედეგზე ფოკუსირება ვერ მოხერხდა. ბევრს გახსოვთ, ერთი წლის წინ, აი აქ, მე ვამბობდი: – მოდი, თვალი გავუსწოროთ რეალობას და მივიღოთ შედეგი, გავვერთიანდეთ იმის გარშემო, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მივიღოთ ახლა, რათა 2016 წლის შემდგომი პერიოდი იყოს კონსენსუსზე დაფუძნებული, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მომავლისთვის. დღეს რა გვაქვს? – ვინაიდან სხვადასხვა პოლიტიკურმა ლიდერმა თუ ძალამ ჩათვალა, რომ პარლამენტში ალტერნალტიული საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა ყოფილიყო ინიცირებული, ამის გამო კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტზე კენჭისყრა ამ დრომდე გაჭიანურდა. მივიღეთ ის, რომ 2016 წლის შემდგომი პერიოდიც გვაქვს აბსოლუტურად ბუნდოვანი, 2016 წლის არჩევნებისთვის შექმნილი გვაქვს სისტემა, რომელზეც თავიდანვე ითქვა, რომ არის ერთჯერადად გამოყენების და ჩვენ, საბოლოო ჯამში, ყველაზე უარესი ვითარება მივიღეთ – ეს არის შედეგი, ჩემი აზრით, კოლექტიური არარაციონალური, შედეგზე არაორიენტირებული და ორ-სამთვიან პიარ-შედეგებზე გათვლილი ნაბიჯებისა, რამაც აქამდე მიგვიყვანა. ეს არის ძალიან ცუდი. არ ვიცი, არჩევნებამდე დარჩენილ ვადაში რა სასიკეთო ცვლილება შეიძლება მოხერხდეს – ამის თაობაზე მაინცა და მაინც ოპტიმისტურად არ ვარ განწყობილი“, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები