ნუკრი ქანთარია – „რესპუბლიკელები“ კანონებს ისე კითხულობენ, როგორც მათ აწყობთ

„რესპუბლიკელები“ კონსტიტუციას და კანონებს ისე კითხულობენ, როგორც მათ აწყობთ, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, დეპუტატი ნუკრი ქანთარია საარჩევნო სისტემის გერმანული მოდელით შეცვლას.
როგორც მან „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, ამ ცვლილების განხორციელებას, „ქართული ოცნება“ მხარს არ დაუჭერს. ქანთარია ფიქრობს, რომ გერმანული მოდელის დამკვიდრებას საკონსტიტუციო ცვლილება ესაჭიროება.
„რესპუბლიკელები“ თვლიან, რომ გერმანულ პროექტს არ სჭირდება კონსტიტუციის შეცვლა და მხოლოდ საარჩევნო კოდექსშია საჭირო ცვილებების შეტანა. ჩვენ კი ვფიქრობთ, რომ კონსტიტუციის 49-ე მუხლში ცალსახად წერია, არჩევნები შედგება შერეული სისტემისგან – პროპორციული და მაჟორიტარული. გერმანული მოდელი ამის შერწყმას ითვალისწინებს. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს მაინც საკონსტიტუციო საკითხია. ასე ვკითხულობთ, ყოველ შემთხვევაში. „რესპუბლიკელებს“ ვერ დავაბრალებთ იმას, რომ მათ არ იციან კონსტიტუციის კითხვა, ან იმას, რომ კანონებს ვერ კითხულობენ, მაგრამ კარგად რომ იციან, ეგ არის საქმე და, როგორც ჩანს, ისე კითხულობენ კონსტიტუციას და ამ კანონებს, როგორც თავად აწყობთ. როგორ განვითარდება მოვლენები, ამას ვნახავთ, თუმცა ჩვენ მაინც მიგვაჩნია, რომ ეს ცვლილება არ იქნება მიღებული. ჩვენი გუნდი ამ საკითხში ერთიანი იქნება და არ მგონია, რომ მათ დამოუკიდებელი დეპუტატებიც მიემხრონ“,- განაცხადა ქანთარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები