ე.წ. სამხრეთ ოსეთი – ქართულ-ამერიკული წვრთნები რეგიონის სტაბილურობას ემუქრება
„პოლიტიკური და სამხედრო მხარდაჭერა, რომელსაც საქართველოს ნატოსგან და აშშ-სგან იღებს, რეგიონში სტაბილურობას ემუქრება“, – ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
განცხადებაში ასევე წერია, რომ საუბარია ქართულ-ამერიკულ წვრთნებზე Noble Partner-2016-ზე, რომლებიც საქართველოში 16 მაისს დაიწყო. მასში 1300-მდე ქართველი, ამერიკელი და ბრიტანელი სამხედრო მონაწილეობს. ჩართულია ამერიკული სამხედრო ტექნიკა და ავიაცია. ცხინვალში აცხადებენ, რომ ამ ქმედებებმა შესაძლოა, ჟენევის დისკუსიების ფორმატში მიმდინარე მოლაპარაკების პროცესი გაართულოს. ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები ასევე აცხადებენ, რომ ნატოს აქტიურობის ზრდა საქართველოში იმის პარალელურად ხდება, რომ თბილისი კვლავ უარს ამბობს ოკუპირებულ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებაზე.