"ჩვენ საოცნებო და სასარგებლო კონსტიტუციის შექმნას ვაპირებთ"

   ჩვენ ქართველი ხალხისთვის საოცნებო და სასარგებლო კონსტიტუციის შექმნას ვაპირებთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სახელმწიფო კომისიის წევრები შეთანხმდნენ ერთ ძალიან დიდ მნიშვნელოვან საკითხზე, რომ “არ ვწერთ ახალ კონსტიტუციას, ვგეგმავთ არსებული კონსტიტუციის გაუმჯობესებას”.
მისივე ინფორმაციით, კომისიის მეორე სხდომაზე ხუთი სამუშაო ჯგუფის ხუთი ხელმძღვანელი შეირჩა. ჯგუფს ადამიანის უფლებების, სასამართლო და პროკურატურის შესახებ მანანა კობახიძე უხელმძღვანელებს. პარლამენტის, მთავრობისა და პრეზიდენტის მიმართულების ჯგუფს – ვახტანგ ხმალაძე, ხოლო დამოუკიდებელი კონსტიტუციური ინსტიტუტების მიმართულებას, როგორიც არის ეროვნული ბანკი, აუდიტის სამსახური და სხვა ინსტიტუტები – ლევან ბეჟაშვილი უხელმძღვანელებს. ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებს ლევან ბოძაშვილი ჩაუდგება სათავეში, ხოლო კონსტიტუციის ძირითადი დებულებებისა და კონსტიტუციის გადასინჯვის პროცედურების საკითხებზე მომუშავე ჯგუფს პაატა ცნობილაძე უხელმძღვანელებს.
“ეს ხუთი კოლეგა ჩვენ შევარჩიეთ, ერთი მხრივ, პროფესიული ნიშნით, რადგან ყველა მათგანს სერიოზული თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება აქვს საკონსტიტუციო საკითხებზე, გარდა ამისა, შევეცადეთ, სამუშაო ჯგუფების ხელმძღვანელობის დონეზეც გარკვეულწილად დაცული იყოს ის პრინციპი, რაც თავად კომისიის შექმნას დაედო საფუძვლად, რომ ეს არ არის ერთპარტიული, ან ერთკოალიციური კომისია, ვინაიდან ჩვენ არ ვაპირებთ “ქართული ოცნების” საოცნებო კონსტიტუციის შექმნას, ჩვენ ვაპირებთ ქართველი ხალხისთვის საოცნებო და სასარგებლო კონსტიტუციის შექმნას”, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სხდომა პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის ხელმძღვანელობით სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” თითქმის 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. კომისიის შემადგენლობაში შედიან საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიების წარმომადგენლები, სამართლის, საჯარო პოლიტიკისა და სახელმწიფო მართვის ექსპერტები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები