„საკონსტიტუციო კომისია იმუნიტეტის საკითხის დაზუსტებაზე იმუშავებს“
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე სახელისუფლებო შტოებს შორის ბალანსის გაუმჯობესებასა და იმუნიტეტის საკითხების დაზუსტებაზე იმსჯელეს. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე ერთ-ერთ საკითხად სახელისუფლებო შტოებს შორის ბალანსის გაუმჯობესების მნიშვნელობა და იმუნიტეტის საკითხების დაზუსტება იყო.
“საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე ერთ-ერთ საკითხად აღინიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სახელისუფლებო შტოებს შორის ბალანსის გაუმჯობესება და ასევე იმუნიტეტის საკითხების დაზუსტება, ვინ რა პრივილეგიითა და იმუნიტეტით უნდა სარგებლობდეს სახელისუფლებო სისტემაში. ეს იქნება ერთ-ერთი თემა, რომელზეც ჩვენ ვისაუბრებთ”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სხდომა თითქმის 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. კომისიას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ხელმძღვანელობს. მის შემადგენლობაში საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიების წარმომადგენლები, სამართლის, საჯარო პოლიტიკისა და სახელმწიფო მართვის ექსპერტები შედიან.