„ნინო ბურჯანაძე რამდენიმე კვირაში ქდმ-ს შთანთქავს“
რა პრეფერენციები ექნება ბურჯანაძეს ქდმ-სთან გაერთიანებით! – ამ სათაურით ექსპერტი დავით ოსეფაშვილი ნინო ბურჯანაძისა და ქრისტიან -დემოკრატიული მოძრაობის გაერთიანებას ეხმაურება. დავით ოსეფაშვილის განცხადებით, გაერთიანების შედეგად, ქდმ-ს კუთვნილ 3 მილიონი ლარის სარეკლამო დროს მთლიანად, ნინო ბურჯანაძე დაეპატრონება.
„საზოგადოებრივი დიდი ინტერესის გამო მინდა მოგაწოდოთ ერთი ინფორმაცია, რომელიც ეხება ნინო ბურჯანაძის ქდმ-სთან გაერთიანებას. ბევრისთვის ეს გაერთიანება მიუღებელი აღმოჩნდა გასაგები მიზეზების გამო. თუმცა, პოლიტიკა პრაგმატული გადაწყვეტილებების მიღების სფეროა და ამ საკითხში ნინო ბურჯანაძის გაგება შესაძლებელია. მე მგონი, გახსოვთ, რომ ბურჯანაძე ხშირად წუხდა იმის გამო, რომ მის ორგანიზაციას არ გააჩნია უფასო საეთერო დრო, რაც, მართლაც, დიდ პრობლემას წარმოადგენდა. ახლა, როდესაც ბურჯანაძე და ქდმ ერთად არიან, ქდმ-ს კუთვნილი 3 მილიონი ლარის სარეკლამო დრო გახდება ბურჯანაძის, რაც ამ პრობლემას საბოლოოდ მოაგვარებს. სანდო წყაროს ინფორმაციით, ასევე ვიცი, რომ ბურჯანაძე, უახლოეს რამდენიმე კვირაში, ორგანიზაციულად შთანთქავს ქდმ-ს და მთელი ის პრეფერენციები, რაც თარგამაძის ორგანიზაციას კანონის შესაბამისად ჰქონდა მინიჭებული, გახდება მისი. ასევე ბურჯანაძეს ქდმ-ს გამო, მიეცემა უფლება, იყოლიოს დამკვირვებლები საარჩევნო უბნებზე, რაც მხოლოდ “დემოკრატიული მოძრაობის” გაძლიერებას შეუწყობს ხელს. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ისეთი გამოცდილი პოლიტიკოსი, როგორიც ნინო ბურჯანაძეა, შეცდომებს პოლიტიკაში თითქმის არ უშვებს და როდესაც მან კონკრეტული ნაბიჯი გადადგა ქდმ-სთან ალიანსში შესვლასთან დაკავშირებით, ეს ისევ და ისევ, პოლიტიკური პრაგმატიზმიდან გამომდინარეობდა“, – წერს დავით ოსეფაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.