რაულ ხაჯინბა ჰამერბერგს – გასათვალისწინებელია ის რეალობა, რომელიც საქართველოსთან დაულაგებელ ურთიერთობას გულისხმობს
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ ჩატარებული კვლევების მეშვეობით აფხაზეთი საერთაშორისო არენაზე სწორად წარმოჩენას შეძლებს, – განცხადება ამასთან დაკავშირებით რაულ ხაჯიმბამ ყოფილ ევროკომისართან, თომას ჰამერბერგთან შეხვედრისას გააკეთა.
გავრცელებული ინფორმაციით კი, შეხვედრაზე მხარებმა ადამიანის უფლებების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ხარისხის ამაღლების შესაბამისი რეკომენდაციების მომზადების საკითხი განიხილეს.
“მზად ვართ, ვითანამშრომლოთ, მაგრამ, ამასთან, ვითვალისწინებთ თქვენს ნეიტრალიტეტს, რომელსაც ყოველთვის აფიქსირებდით თქვენს საქმიანობაში. როგორც ნებისმიერ სხვა სახელმწიფოში, ადამიანის უფლებათა სფეროში ჩვენც პრობლემები გვაქვს, ამას არ ვმალავთ და ვმუშაობთ მის გამოსასსწორებლად.
ჩვენ წინააღმდეგნი ვართ, რომ რაიმე პოლიტიკური იარლიყი მოგვაკერონ. უნდა იქნას გათვალისწინებული ის ობიექტური რეალობაც, რასაც აფხაზეთის ახალგაზრდა სახელმწიფო აწყდება, რომელიც ომის შემდგომ რეალიებს და საქართველოსთან დაულაგებელ ურთიერთობებს გულისხმობს. ვიმედოვნებ, თქვენი კვლევის შედეგები აფხაზეთის წინააღმდეგ პოლიტიკურ ბერკეტად და სხვადასხვა სახის სპეკულაციის საბაბად არ იქნება გამოყენებული.
იმედი მაქვს, რომ თქვენი სამუშაო არა მხოლოდ არსებული ნაკლოვანებების გამოსასწორებლად, არამედ საერთაშორისო არენაზე ჩვენი სახელმწიფოს სწორად წარმოსაჩენად იქნება მიმართული“, – განაცხადა რაულ ხაჯინბამ.