სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია კონკორდატის საკითხზე არ მუშაობს
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია კონკორდატის საკითხზე არ მუშაობს, – ამის შესახებ კომისიის ხელმძღვანელმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, კონკორდატი არის სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის შეთანხმება და მისი სამართლებრივი ბუნება და შინაარსობრივი მხარე არის სრულიად განსაკუთრებული თემა და მოვლენა.
“მინდა, რომ სიცხადე იყოს ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხში, საქმე ეხება კონკორდატს. მოგეხსენებათ, ამ დოკუმენტის სტატუსი, კონსტიტუციასთან მისი მიმართება. თავიდანვე ყველასთვის ცხადი იყო, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია ამ თემაზე არ მუშაობს. ამ საკითხს ჩვენ არ ვეხებით. ეს არ არის ჩვენი მანდატი. მოგეხსენებათ, თავად ეს დოკუმენტი არის სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის შეთანხმება და მისი სამართლებრივი ბუნებაც და შინაარსობრივი მხარეც არის სრულიად განსაკუთრებული თემა და მოვლენა, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო არეალში ეს საკითხი არ შედის”, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” მიმდინარე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე.