„მთავრობის კანცელარიაში პრეზიდენტის ადმინისტრაცია ვერ მოთავსდებოდა“
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ავლაბრის რეზიდენციაში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შესვლას ეხმაურება. როგორც უსუფაშვილმა “ტელეიმედის” გადაცემაში “რეაქცია” განაცხადა, ზოგადად, სჯობს, რასაც ვამბობთ, ის შევასრულოთ, მაგრამ ზოგჯერ გარემოებები იცვლება. მისი თქმით, მარგველაშვილის პრეზიდენტობის პირველივე დღეს გაირკვა, რომ მთავრობის ადმინისტრაციაში პრეზიდენტის ადმინისტრაციაც ვერ მოთავსდებოდა.
“ვადასტურებ, რომ ეს იყო სრულიად პოლიტიკური გუნდის, პოლიტსაბჭოზე 2-3-ჯერ განხილული თემა უშუალოდ გიორგი მარგველაშვილის აქტიური მონაწილეობით, რომელიც თვლიდა, რომ იმ შენობაში პრეზიდენტი არ უნდა შესულიყო. მარგველაშვილმა ეს საჯაროდაც თქვა. პირველივე დღიდან მარგველაშვილის პრეზიდენტობისას ძალიან მარტივი რამ გაირკვა, რომ კანცელარიაში პრეზიდენტის ადმინისტრაციაც ვერ მოთავსდებოდა. მეორე შენობის მშენებლობა კი, რომელიც კოლმეურნეობის მოედანზე მიმდინარეობს, სამწუხაროდ, ვერ მივიდა შესაბამის კონდიციამდე და ეს პროცესი გაჭიანურდა. ამ ვითარებაში თუ მარგველაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება კონკრეტული ცერემონიებისთვის გამოეყენებინა ეს სასახლე, ესაა მისი გადაწყვეტილება”, – განაცხადა უსუფაშვილმა.
მისივე განმარტებით, პირადად მასაც აქვს მაგალითები, როცა საკუთარი ნათქვამი ვერ შესრულებულა.
“ზოგადად ჯობია, რასაც ვამბობთ ,ის შევასრულოთ, მაგრამ ზოგჯერ გარემოებები იცვლება. მე ნათქვამი მაქვს, რომ საგაზაფხულო სესიას ჩავატარებთ რუსთაველზე მდებარე პარლამენტის შენობაში, მაგრამ ვერა – გრძელდება რემონტი. ზოგჯერ ვერ ვასრულებთ სიტყვას, რომელიც ვთქვით”, – განაცხადა უსუფაშვილმა.