პრემიერ-მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაცია გვჭირდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შესაძლო შეხვედრის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ადეკვატურს უწოდებს და აცხადებს, რომ არაფერი მოულოდნელი ამ განცხადებაში არ ყოფილა.
როგორც საკითხის კომენტირებისას პრემიერმა აღნიშნა, რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციაა საჭირო.
„კარგია, თუ ასეთი გადაწყვეტილება მომზადდება. ეს გადაწყვეტილებები, უპირველეს ყოვლისა, უნდა განამტკიცებდეს და იყოს დაფუძნებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის პრინციპზე. ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვიქნებით, რომ ასეთ შეხვედრაში მივიღოთ მონაწილეობა. მიხეილ ჯანელიძის განცხადება სწორედ ამას გამოხატავდა. ვფიქრობ, არაფერი მოულოდნელი ამაში არ უნდა ყოფილიყო. რუსეთთან გვჭირდება ურთიერთობის ნორმალიზაცია და, სამწუხაროდ, დღეს ჩვენი ურთიერთობები ჩიხშია შესული. ამ ჩიხიდან ჩვენ უნდა გამოვიდეთ, მაგრამ ამ ჩიხიდან ჩვენ უნდა გამოვიდეთ არა კომპრომისების ხარჯზე, ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში, არამედ მაქსიმალური კონსტრუქტივიზმის ხარჯზე. სწორედ აქეთკენ არის მიმართული ის არაერთი ფორმატი, რომელიც ჩვენ რუსეთთან ურთიერთობაში გაგვაჩნია, ამიტომაც ვფიქრობ, რომ მიხეილ ჯანელიძის განცხადება იყო ადეკვატური“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი მიხეილ ჯანელიძე არ გამორიცხავს, რომ ”შესაბამისი გარემოებებისა და მომზადების შემთხვევაში” რუს კოლეგა სერგეი ლავროვს შეხვდეს. სერგეი ლავროვთან შესაძლო შეხვედრაზე მიხეილ ჯანელიძემ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
”შესაბამისი გარემოებებისა და მომზადების შემთხვევაში, შეხვედრა შესაძლებელია შედგეს. რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების არქონის პირობებში, ვცდილობთ, მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ საერთაშორისო დისკუსიებისა და აბაშიძე-კარასინის არაფორმალური დიალოგის ფორმატები, რათა მოხერხდეს რუსეთთან დაძაბულობის ხარისხის შემცირება, მთავრობამ გაატაროს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკა, უზრუნველყოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სტაბილური გარემოს შექმნა, რათა გატარდეს ყველა ის რეფორმა, რომელიც უკავშირდება ჩვენს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და ეკონომიკურ განვითარებას“, – აცხადებს მინისტრი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები