“ბიძინას კრიტიკა ჩემთვის უაღრესად მნიშვნელოვანია“
ბიძინას კრიტიკის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარე ვარ, გამომდინარე იქიდან, რომ ბიძინა, მართლაც, განსაკუთრებული ადამიანია თავისი ბიოგრაფიით – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა “რუსთავი 2”-ის გადაცემაში “პოზიცია” განაცხადა.
როგორც მარგველაშვილმა განაცხადა, ის და ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკის თვალსაზრისით თანამოაზრეებად რჩებიან.
“ჩემი და ბიძინას ურთიერთობის დეტალების გარკვევას მედიასთან არ ვაპირებ, არა იმიტომ, რომ რაიმეს დამალვას ვცდილობ, არამედ უფრო სწორად მიმაჩნია, რომ ორ ადამიანს შორის ურთიერთობა დარჩეს ორ ადამიანს შორის ურთიერთობად. ბიძინას კრიტიკის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარე ვარ, გამომდინარე იქიდან, რომ ბიძინა, მართლაც, განსაკუთრებული ადამიანია თავისი ბიოგრაფიით, საქველმოქმედო საქმიანობით, იმით, რაც გააკეთა პოლიტიკაში – რომ ჩვენ შევძელით ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლა. აქედან გამომდინარე, მისი კრიტიკა ჩემთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ამის მიუხედავად, პოლიტიკის თვალსაზრისით ვრჩებით თანამოაზრეებად“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.