საქართველოს ხელისუფლებამ ყველა დიპლომატიური ხერხი უნდა გამოიყენოს რომ „როსნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები ამოქმედდეს

პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში რუსული კომპანია „როსნეფტის“ შემოსვლას საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამოეხმაურა.
ჩიტაძის განცხადებით, „როსნეფტის“ და სხვა რომელიმე რუსული ენერგო კომპანიის შემოსვლა საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში დადებითად ვერ აისახება ამ სფეროს განვითარებაზე. მისი თქმით, ენერგეტიკა ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალია აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია საქართველოს ენერგეტიკის სექტორში დასავლური ინვესტიციები ჩაიდოს .
პოლიტოლოგმა ხელისუფლებას „როსნეფტის“ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო საქმიანობა შეახსენა და მასზედ სანქციის დაკისრების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.
„საქართველომ უნდა გააკეთოს ყველაფერი რომ დასავლურ ენერგო კომპანიებს მიეცეს საშუალება ჩადონ ინვესტიცია საქართველოს ენერგო სექტორში. მათ შორის ეს ეხება მილსადენს, ელექტრო ენერგეტიკას, ნავთობისა და გაზის მოპოვებას. რაც შეეხება „როსნეფტს“ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ „როსნეფტი“ უკანონო საქმიანობას ეწევა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში კერძოდ აფხაზეთის ტერიტორიაზე, ამიტომ „როსნეფტის“ წინააღმდეგ კონკრეტული სანქციები უნდა ამოქმედდეს. მან უკანონო ინვესტიციები ჩადო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, რაც საქართველოს კანონმდებლობას ეწინააღმდეგება. საქართველოს ხელისუფლებამ ყველა დიპლომატიური ხერხი უნდა გამოიყენოს იმისთვის რომ საერთაშორისო დემოკრატიულ საზოგადოებას აცნობოს რომ რუსეთი არა მხოლოდ სამხედრო კონტინგენტს ზრდის საქართველოში და აფორმებს უკანონო ხელშეკრულებას აფხაზეთთან, არამედ რუსული კომპანიები ეწევიან უკანონო საქმიანობას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში“- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები