უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი – ზვიად ძიძიგურის სიკვდილით დასჯა არ მომითხოვია

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, თამარ ლალიაშვილმა განმარტება გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ გასული საუკუნის 90-იან წლებში დეპუტატ ზვიად ძიძიგურის პროცესზე პროკურორი იყო.
„ძალიან დიდი სურვილი მქონდა, ამ საკითხთან დაკავშირებით გამეკეთებინა განცხადება. 1996 წელს გაიმართა ლოთი ქობალიას პროცესი, საკმაოდ მძიმე ბრალდებები იყო და რამდენიმე ბრალდებულს შორის ზვიად ძიძიგურიც იყო. ამ საქმეში მე და კიდევ ერთი პროკურორი ვალერიან წერეთელი ვმონაწილეობდით. მაშინ გათვალისწინებული იყო სასჯელის სახით სიკვდილით დასჯა. მაშინაც და ახლაც ამ სასჯელის კატეგორიული მოწინააღმდეგე ვიყავი და ვარ. ბუნებრივია, როდესაც დადგა საკითხი შესაბამისი მტკიცებულების გამოკვლევის შემდეგ ამ სასჯელების პროკურორის მიერ მოთხოვნის თაობაზე, მთავარ პროკურორსა და მის მოადგილეს განვუცხადე უარი, რის გამოც პროცესიდან მომხსნეს“, – აღნიშნა თამარ ლალიაშვილმა.
მისივე თქმით, ამის დამადასტურებელი საბუთები, სასამართლო სხდომის ოქმი და სატელევიზიო ჩანაწერებიც არსებობს.
„ვერცერთ საქმეს ვერ ნახავთ, სადაც მე, როგორც პროკურორს სასჯელი – სიკვდილით დასჯა მომეთხოვა“, – აღნიშნა თამარ ლალიაშვილმა.
„კონსერვატიული პარტიის“ ლიდერი ზვიად ძიძიგური ადასტურებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი თამარ ლალიაშვილი მისი ბრალმდებელი იყო.
როგორც ზიად ძიძიგურმა ჟურნალისტებს განუცხადა, 1995 წელს 20 წლის წინ ლალიაშვილი მის სასამართლო პროცესზე პროკურორი იყო.
„არავითარი ბოღმა არ მაქვს გულში ამის გამო. მის კანდიდატურას მხარს დაუჭერს თუ არა უმრავლესობა, კონსულტაციები როცა გაიმართება, შემდეგ გახდება ცნობილი“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
შეგახსენებთ, რომ თამარ ლალიაშვილი ერთერთია იმ სამი პიროვნებიდან, რომლებიც პრეზიდენტმა პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატებად წარუდგინა. არსებობს წინასწარი განწყობები საიმისოდ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატების დამტკიცებას არ აპირებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები