მიხეილ მაჭავარიანი გიორგი ვაშაძეს – „ვინც ვერ აკეთებს საქმეს, ის ეძებს მიზეზს“
„ვინც ვერ აკეთებს საქმეს, ის ეძებს მიზეზს“ – ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მიხეილ მაჭავარიანი პარტიის ყოფილი დეპუტატის გიორგი ვაშაძის დღევანდელ გადაწყვეტილებას, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების თაობაზე.
როგორც „კვირას“ მიხეილ მაჭავარიანმა განუცხადა, მას არ სურს, დახარჯოს დრო და ენერგია ყოფილი თანაპარტიელის დღევანდელი გადაწყვეტილების შესახებ.
„ვინც ვერ აკეთებს საქმეს, ის ეძებს მიზეზს და ვისაც უნდა საქმის გაკეთება, ის ეძებს საშუალებას. პარტიის სახელით აღმასრულებელმა მდივანმა განცხადება გააკეთა და მეტს ვერაფერს დავამატებ. რატომ უნდა ვხარჯო დრო და ენერგია. არ ვთვლი საჭიროდ ამ თემასთან დაკავშირებით, გამოვხატო ჩემი რეაქცია“, – განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა და იგი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს – გიგა ბოკერიას, მიხეილ მაჭავარიანს, ხათუნა გოგორიშვილს, გოკა გაბაშვილს და დავით ბაქრაძეს დაუპირისპირდა. როგორც ვაშაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, იგი ახალი მოძრაობის შექმნას გეგმავს. როგორც პარტიის უკვე ყოფილმა წევრმა განაცხადა, იგი „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვეღარ ხედავს პერსპექტივას. მისივე თქმით, ის რჩება პოლიტიკაში და არ აპირებს თანამშრომლობას სხვა პარტიებთან.