სოფელ უდაბნოში მუნიციპალური ამბულატორია დამონტაჟდა

   81 ახალი ამბულატორიის მშენებლობის პროექტის ფარგლებში საგარეჯოს რაიონის სოფელ უდაბნოში მორიგი ამბულატორია დამონტაჟდა. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, დღემდე სოფლის ექიმი, ექთანთან ერთად სამედიცინო მომსახურებას ბინაზე ეწეოდა. ახალი ამბულატორიით სარგებლობას კი 186 ოჯახი შეძლებს. სოფელ უდაბნოში ამბულატორიის დამონტაჟების სამუშაოები გამგებელმა გიორგი ლოლაძემ და საკრებულოს თავჯდომარემ ილია ჭიაურელმა მოინახულეს.
საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის პრესამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით 81 ახალი ამბულატორიის მშენებლობისთვის საქართველოს მთავრობამ 2,4 მილიონი ლარი გამოყო. ყველა ამბულატორია სტანდარტულია და ჯამში 41-42 კვ.მ-ია. შენობა მომზადებულია სენდვიჩპანელებისგან, რომელიც 2 გამათბობლითა და 2 სველი წერტილით აღიჭურვება. შენობის გარე და შიდა ინფრასტრუქტურა სრულადაა ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. ამბულატორიების კონსტრუქციები საქართველოში იწყობა და მას ლილოში არსებულ ქარხანაში აწარმოებენ, სადაც 100 ადამიანია დასაქმებული.
მას შემდეგ, რაც მუნიციპალური განვითარების ფონდი შენობის ინფრასტრუქტურის მოწყობას დაასრულებს, ამბულატორია ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დაქვემდებარებაში გადავა, აღიჭურვება და ადგილობრივ მოსახლეობას სამედიცინო მომსახურებას გაუწევს. ჯანდაცვის სამინისტრო ამბულატორიებში ავეჯის შესატანად და პირველადი ჯანდაცვის ობიექტებისთის საჭირო სამედიცინო ტექნიკით აღჭურვაში 362 894 ლარს დახარჯავს.
გრაფიკის მიხედვით, 81 ამბულატორიის მშენებლობა ქვეყნის მასშტაბით 2014 წლის სექტემბერში დასრულდება. მათ შორის, თოთხმეტი ამბულატორია გამყოფი ხაზის მიმდებარედ არსებულ სოფლებში დამონტაჟდება. სამეგრელო – ზემო სვანეთში რეგიონში 9 ამბულატორია დამონტაჟდება, გურიის რეგიონში – 3, კახეთის რეგიონში, ჯამში – 8 ამბულატორია იქნება, ქვემო ქართლში – 6 , იმერეთის რეგიონში, ჯამში – 12 ამბულატორია დამონტაჟდება, აჭარაში – 5, მცხეთა – მთიანეთში -7, შიდა ქართლში -21, სამცხე ჯავახეთში -6, რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში კი – 4. ამბულატორიებს მუნიციპალიტეტების მიერ სპეციალურად შერჩეულ ტერიტორიაზე მუნიციპალური განვითარების ფონდი ამონტაჟებს.
პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ერთობლივად ახორციელებენ. პროექტის განხორციელებაში ჩართულები არიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც, რომლებიც ადგილზე საჭირო საკითხების მოგვარებას უზრუნველყოფენ. ამჟამად ამბულატორიები უკვე დამონტაჟებულია ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ რანჩპარში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ინგირსა და განმუხურში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუკუზანში და სიღნაღის რაიონის სოფელ მაშნაარში. უახლოეს დღეებში ამბულატორიები დამონტაჟდება თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ რუფოთში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშნაარში, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიჭაურში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკში და ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ კუჭატანში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები