პარლამენტმა შესაძლოა, პრეზიდენტის მიერ დასახელებული უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატებს მხარი არ დაუჭიროს
პარლამენტმა შესაძლოა, პრეზიდენტის მიერ დასახელებული უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატებს მხარი არ დაუჭიროს. მოსამართლის სამი კანდიდატი ანა დოლიძე, თამარ ლალიაშვილი და ნინო თოდუა მათი საკითხის პლენარულ ფორმატში განხილვას თვეზე მეტია ელოდება, თუმცა, ცნობილი გახდა, რომ საპარლამენტო უმრავლესობას პრეტენზიები მათი შერჩევის პროცესთან აქვს.
საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ პარლამენტში კენჭისყრა ჩატარდება, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ კანდიდატურები ჩავარდეს.
„საზოგადოების უდიდესი ნაწილის დამოკიდებულებას და ხედვას გამოვხატავ, რომ ამ თემაზე კონსულტაციები გაიმართოს. ვის კომპეტენციაშიც არ უნდა შედიოდეს ეს საკითხი, შეიძლება არსად წერია და არ არის განსაზღვრული კონსტიტუციით, ან რომელიმე კანონით, მაგრამ ქვეყანას ეს კონსულტაციები აუცილებლად სჭირდება“, -განუცხადა ჟურნალსიტებს საპარლამენტო ფრქაცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ.
მისი განმარტებით, მოსამართლის კანდიდატებთან დაკავშირებით კენჭისყრა აუცილებლად ჩატარდება, მაგრამ რეალურად ჯერ ჩამოყალიბებული არ არის, ფრაქცია ამ კანდიდატურებს ხმას როგორ მისცემს. უმცირესობაში საპარლამენტო უმრავლესობასა და პრეზიდენტს შორის ახალ დაპირისპირებაზე საუბრობენ. კანონით, მოსამართელლბის კანდიდატურების დასახელება პრეზიდენტის პრეროგატივაა და, შესაბამისად, მას არ ჰქონდა რაიმე სახის ვალდებულება, რომ კონსულტაციები ჩაეტარებინა თუნდაც მმართველ გუნდთან. უმცირესობაში არ გამორიცხავენ, რომ მმართველი გუნდის მხრიდან პრეზიდენტთან რაიმე სახის ვაჭრობას ჰქონდეს ადგილი. საპარლამენტო უმცირესობაში ასევე აცხადებენ, რომ აუცილებელია პრეზიდენტის მხრიდან კონსულტაციები გაიმართოს მმართველ გუნდთან, რადგან ის კანდიდატურები, რომლებიც პრეზიდენტმა პარლამენტში წარმოადგინა, სწორედ მმართველი გუნდის მიერ უნდა მოიწონოს და მათი გადაწყვეტილების შემდეგ უნდა მოხდეს მათი დამტკიცება.