ვახტანგ გომელაურის ანგარიშის მოსმენისას შესაძლოა, პარლამენტის პლენარული სხდომა დაიხუროს
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის მოსმენა შესაძლებელია დახურულ ფორმატში გაიმართოს, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ამასთანავე, ვოლსკი განმარტავს, რომ უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის საკომიტეტო მოსმენისას დეპუტატების მხრიდან დაისვა კითხვები, რასაც პასუხი დახურულ რეჟიმში უნდა გაეცეს.
“მოხსენების ძირითადი ნაწილი ჩვენ კომიტეტზე მოვისმინეთ. იყო კრიტიკული შენიშვნები. ვფიქრობ, მოხსენების ძალიან დიდი ნაწილი დახურულ რეჟიმში უნდა იყოს განხილული, გამომდინარე იმ შეკითხვებიდან, რაც დეპუტატებს კომიტეტის სხდომაზე ჰქონდათ“, – აცხადებს ვოლსკი.
მისივე ინფორმაციით, ვახტანგ გომელაური ამჟამად გრძელვადიან მივლინებაში იმყოფება და ჩამოსვლის შემდეგ მზად არის, პარლამენტში მოხსენებით მოვიდეს. ამასთან, ვოლსკიმ დასძინა, რომ კანონი არც მისი მოადგილის მოსმენას კრძალავს. უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის მოსმენა პარლამენტში 30 მარტს დაიგეგმა, თუმცა სესია კვორუმის უქონლობის გამო ჩაიშალა.