„მიხეილ სააკაშვილი ანტისახელმწიფოებრივად მოქმედებს“
მიხეილ სააკაშვილი ანტისახელმწიფოებრივად მოქმედებს და მისი ქმედება ქვეყნის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული, – ამის შესახებ პარლამენტის უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ „კვირას“ განუცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ზურაბ ჟვანიას საქმეზე პროკურატურის კითხვებს თავს არიდებს.
„მიხეილ სააკაშვილის მოქმედებები, მით უმეტეს, როდესაც ის ისეთი სახელმწიფო მნიშვნელობის საქმეზე, როგორიცაა ზურაბ ჟვანიას გამოძიება, უარს ამბობს, მისი მხრიდან არის არასახელმწიფოებრივი მიდგომა, არასახელმწიფოებრივი ხედვა, რაც მას, რასაკვირველია, არ მოეთხოვება. მიხეილ სააკაშვილის პოზიცია, საქმიანობა, მისი ხედვა მისი აქტივობები მიმართულია სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ. მიხეილ სააკაშვილი ზურაბ ჟვანიას საქმეზე არათუ პასუხებს გაურბის, არამედ იგი პასუხს არ სცემს ევროსასამართლოს გადაწყვეტილების დასკვნას, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ თავად სააკაშვილი და მართლმსაჯულების მთელი სისტემა ყველაფერზე შეთანხმებულად მოქმედებდნენ, რათა „მიეფუჩეჩებინათ“ გირგვლიანის საკითხზე მიმდინარე გამოძიების რეალობა. სააკაშვილს ამ საკითხზეც პასუხი აქვს გასაცემი.
გარდა ამისა, ტელეკომპანია „რუსთავი2“ – ის ტელეეთერის დროს მან ჟვანიას თემაზე ჟურნალისტის არცერთ შეკითხვას არ უპასუხა და საუბარი ნინო ქადაგიძე-ჟვანიას დისკრედიტაციისკენ მიმართა. მას სხვა კომენტარი ან განმარტება ამასთან დაკავშირებით არ გაუკეთებია. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გარდაცვალება ეს არის ქვეყნისთვის არაორდინალური შემთხვევა, მით უფრო უაღრესად საეჭვო გარემოებებში. ამასთან, უამრავი პასუხგაუცემელი შეკითხვაა დატოვებული. აქედან გამომდინარე, საფუძვლიანად ჩნდება ეჭვი, რომ მიხეილ სააკაშვილი თავს არიდებს გამოძიებას და მის მოვალეობას, რომ ნათელი მოჰფინოს ჟვანიას საქმეზე ძიებას.
სწორედ ამიტომაც, მისი ქმედება ანტისახელმწიფოებრივია და ქვეყნის წინააღმდეგ არის მიმართული“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.