პარიზში ქართული ღვინის კულტურის პრეზენტაცია გაიმართა

პარიზში, ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) ოფისში ქართული ღვინისა და ღვინის კულტურის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც საფრანგეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საფრანგეთის აგრარული პალატის, UNESCO-ს წარმომადგენლები, ენოლოგები და ბლოგერები დაესწრნენ.
ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტო და საქართველოს საელჩო საფრანგეთში.
გამოფენის მიზანი იყო ქართული ღვინის წარდგენა პროფესიონალებისა და ფართო საზოგადოების წინაშე. ქართული ღვინის დეგუსტაციის პარალელურად, OIV-ში ასევე გაიმართა გამოფენა ქართული ვაზისა და ღვინის ისტორიისა და კულტურის შესახებ – “მე-19 საუკუნის ფრანგულ ფოტოებში ასახული ქართული ღვინის კულტურა”, სადაც წარმოდგენილი იყო საფრანგეთის მუზეუმში დაცული ფრანგი ეთნოგრაფების ჟოზეფ დე ბაისა და ჰუგო კრაფტის მიერ 1897-1903 წლებში გადაღებული ფოტოები.
ქართული ღვინის გამოფენა-დეგუსტაციაზე წარდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 15 კომპანია: „ჩელთი“,„შუხმან ვაინსი“, „შატო მუხრანი“, „კახური ტრადიციული მეღვინეობა“, „შუმი“, „კახური ღვინის მარანი“ „მეღვინეობა ხარება“, „კახური“, „ლუკასი“, „შალვინო“, „თბილღვინო“, „თელიანი ველი“, „ვაინმენი“, „მარანული“ და „ვინაგორა“.
ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაცია OIV წარმოადგენს მთავრობათაშორის ორგანიზაციას, რომელშიც გაწევრიანებულია 45 ქვეყანა. ორგანიზაციის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს მეღვინეობის დარგის ტექნიკური რეზოლუციებისა და სტანდარტების შემუშავება-ჰარმონიზაცია, სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა და, ზოგადად, დარგის განვითარებაზე ზრუნვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები