დავით დარახველიძე მსოფლიო ბანკის წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი დავით დარახველიძე, მსოფლიო ბანკის წარმომადგენელს საქართველოში ჯონა დე ბერს შეხვდა.
„მან მაღალი შეფასება მისცა გასული წლის ივნისის შემდეგ სამინისტროს მიერ განხორციელებულ აქტივობებს დევნილთა განსახლების, მათი შემოსავლის წყაროების, მათი უფლებების დაცვის და საკანონმდებლო-სამართლებრივი მიმართულებით. ჩვენ განვიხილეთ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და მივიღეთ გარკვეული მხარდაჭერა და პირობა იმის თაობაზე, რომ დევნილთა შემოსავლის წყაროების პროექტს და სხვა აქტივობებს მსოფლიო ბანკი დაუჭერს მხარს“, – განაცხადა დავით დარახველიძემ.
შეხვედრაზე მინისტრმა მოკლედ მიმოიხილა გრძელვადიანი განსახლების პროცესი და აღნიშნა, რომ 1710 ოჯახს გადაეცა საცხოვრებელი ფართი, რაც 6 000 – ზე მეტ დევნილს გულისხმობს. გარდა ამისა, სამინისტრომ სოფლად დევნილებისთვის შეიძინა 70 სახლი საკარმიდამო ნაკვეთებით. ყველა საცხოვრებელი ფართების განაწილება დევნილთა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების საფუძველზე ხდება. მინისტრმა მსოფლიო ბანკის წარმომადგენელს დევნილთა შესახებ ახალი კანონი გააცნო და აღნიშნა, რომ კანონზე მუშაობას სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს. შეხვედრაზე მინისტრი ასევე შეეხო ხელახალი რეგისტრაციის თემასაც და მსოფლიო ბანკის წარმომადგენელს დეტალურად გააცნო რეგისტრაციის შედეგები. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 272 000 დევნილის ნაცვლად რეგისტრაცია 252 000 – მა დევნილმა გაიარა. რეგისტრაციის პროცესში 4 000 – მდე ყალბი დევნილი დაფიქსირდა, რომელთაც დევნილის სტატუსი გაუუქმდათ. მინისტრმა დევნილთათვის შემოსავლის წყაროების პროექტიც განიხილა.
სამინისტრომ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად შეიმუშავა დევნილთა შემოსავლის წყაროების სტრატეგია და წარუდგინა საქართველოს მთავრობას, რომელმაც მოიწონა და დაამტკიცა საჯარო სამართლის იურიდიული პირის დებულება. სამინისტრომ დებულება და სტრატეგია ერთმანეთთან შესაბამისობაში მოიყვანა და სტრატეგიაში ასახა მსოფლიო ბანკის ყველა ძირითადი მოთხოვნა. ასევე დასასრულს უახლოვდება სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომელიც შემდგომ საქართველოს მთავრობას წარედგინება დასამტკიცებლად. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირის მხრიდან გადმოირიცხება 5 მლნ. ევრო, რაც ამ პროექტის ამოქმედებას და მისი მიზნების განხორციელებას მოხმარდება. რაც შეეხება 2 მლნ. დოლარს, რომლითაც მსოფლიო ბანკმა აღნიშნული პროექტი უნდა დააფინანსოს, ამ თანხის ჩარიცხვა ჯერჯერობით განხილვის პროცესშია. ჯოანა დე ბერმა მაღალი შეფასება მისცა სამინისტროს მუშაობას და აღნიშნა, რომ მისი მინისტრთან ბოლო შეხვედრის შემდეგ სამინისტროს ძალიან სერიოზული მიღწევები აქვს, როგორც განსახლების, ასევე კანონმდებლობის გაუმჯობესების და შემოსავლის წყაროების პროექტის დახვეწის კუთხით. „შეხვედრა იყო საკმაოდ პროდუქტიული, ვინაიდან ბატონმა მინისტრმა განახლებული ინფორმაცია მოგვაწოდა იმ აქტივობებთან დაკავშირებით, რაც ბოლო 10 თვის განმავლობაში განახორციელდა. საკმაოდ შთამბეჭდავია ეს მიღწევები. ჩემი აზრით, ეს იყო საკმაოდ წარმატებული განვითარებაა. ასევე ჩემთვის საგულისხმოა ის ფაქტი, რომ მიღებული იქნა ახალი კანონი დევნილთა და ქვეყნის შიგნით გადადგილებულ პირთა უფლებების დასაცავად და ყველაფერი ეს საქართველოს ხდის უნიკალურს ამ საკითხის გადაწყვეტასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ჯოანა დე ბერმა.