პრემიერ-მინისტრის ინიციატივა – "ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა"
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოდის ინიციატივით, კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა.
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნული ინიციატივით სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას მთავრობის სხდომის დასაწყისში მიმართა. პრემიერის შეფასებით, ანტიდისკრიმინაციული კანონის პროექტი ასახავს ქართველი ხალხის შემწყნარებლობის ტრადიციას, რომლის თანახმადაც განსხვავებული რელიგიის, ეთნიკური კუთვნილების და განსხვავებული ცხოვრების წესის ადამიანები საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთის გვერდიგვერდ მშვიდობიანად ცხოვრობენ.
„რადგან შესაძლოა იყოს განსხვავებული მიდგომები და არ უნდა მოხდეს ამ თემით სპეკულირება, გამოვდივარ ინიციატივით, რომ კონსტიტუციაში შევიტანოთ ჩანაწერი, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა. ასე მოიქცა ლატვია, შარშან კი ხორვატია, ევროკავშირში შესვლის წინ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს არსებული კანონმდებლობით, ოჯახი ისედაც განისაზღვრება როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობა, რომ არ მოხდეს არასწორი ინტერპრეტირება, ვფიქრობ, სასურველია ამ საკონსტიტუციო ჩანაწერის არსებობა. ეს კანონი არ ქმნის არავისთვის რაიმე ტიპის ახალ უფლებას; ის საზოგადოების არცერთ ჯგუფს რაიმე ტიპის პრივილეგიას არ ანიჭებს. კანონი უზრუნველყოფს მხოლოდ იმას, რომ ყველამ თანაბრად ვისარგებლოთ იმ უფლებებით, რაც უკვე გვაქვს უზრუნველყოფილი საქართველოს კანონმდებლობით“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ოჯახის დეფინიციის კონსტიტუციით გამყარების ინიციატივა განხილული და მოწონებულია კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს მიერ.
„სახელმწიფოს ვალია, დაიცვას თითოეული მოქალაქე, როგორი განსხვავებულიც არ უნდა იყოს იგი“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს მთავრობის მეთაურის განცხადებით, ანტიდისკრიმინაციული კანონი კრძალავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, ასაკოვანი ადამიანების გარიყვას დანარჩენი საზოგადოებისგან და მიზნად ისახავს მათ ისეთივე ჩართულობას ქვეყნის მშენებლობის პროცესში, როგორც ამას საზოგადოების ნებისმიერი სხვა ჯგუფი აკეთებს.
„ამით ჩვენ ვქმნით მოქნილ მექანიზმს იმისათვის, რომ დისკრიმინაციის მსხვერპლმა თავისი სატკივარი მიიტანოს სახალხო დამცველამდე, რომელსაც ევალება, საფუძვლიანად შეისწავლოს საჩივარი და დახმარება აღმოუჩინოს იმას, ვისი უფლებებიც დაირღვა. ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება არის ნაწილი იმ რეფორმებისა, რომლებსაც ჩვენი მთავრობა ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერების მიზნით ატარებს. ეს ფაქტი არის წინგადადგმული ნაბიჯი ვიზალიბერალიზაციის პროცესში, რომელიც, როგორც იცით, ჩვენი მთავრობის ძალისხმევით, სწრაფი ტემპებით წინ მიდის“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტი პარლამენტს განსახილველად უახლოეს მომავალში გადაეგზავნება.