ეტიკეტირების წესის დარღვევისთვის „გუდვილი“ დააჯარიმეს
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს წარმომადგენლებმა ეტიკეტირების წესის დარღვევისთვის ვაკის “გუდვილი”, შპს “ლაზური” და ი/მ “აკაკი ნადირაძე” დააჯარიმეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, სუპერმარკეტ “გუდვილში” სარეალიზაციოდ გამოტანილ დაკონსერვებულ საქონლის ხორცს (“Смоленская”) რუსულენოვან ეტიკეტზე მითითებული ჰქონდა, რომ პროდუქტი შეიცავს სოიოს ცილას, თუმცა, აღნიშნული ინფორმაცია ქართულ სტიკერზე არ იყო დატანილი. გარდა ამისა, დახლებზე განთავსებულ სხვადასხვა დასახელების სურსათს ქართული ეტიკეტი არ ჰქონდა.
დარღვევები გამოვლინდა ასევე კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე შპს “ლაზურისა” და ლესელიძის ქუჩაზე – ი/მ “აკაკი ნადირაძის” მარკეტებში, სადაც გლეხური წარმოების დაფასოებული თაფლი ეტიკეტის გარეშე იყო წარმოდგენილი, რის გამოც, სურსათის/ ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 741-ე მუხლის შესაბამისად, ბიზნესოპერატორები 400 ლარით დაჯარიმდნენ. ამავე დროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა შპს “ლაზურიდან” ამოიღეს ლორი, იოგურტი, სხვადასხვა წარმოების კარაქი, კაკაო, ჩიპსი. ვადაგასული სურსათი დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდება.