სამეთაურო-საშტაბო სწავლება „INFO 2016“ დასრულდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში სამეთაურო-საშტაბო სწავლება „INFO 2016“-ის დასრულებისადმი მიძღვნილი ცერემონიალი გაიმართა. მონაწილეებს სწავლების დასრულება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიულოცა და სერტიფიკატები გადასცა. სამეთაურო-საშტაბო სწავლება „INFO 2016“-ის დასრულებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ლევან ბოძაშვილი და კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორი ანდრია გოცირიძე დაესწრნენ.
„მხოლოდ დადებით შეფასებას იმსახურებს ეს სწავლება. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ უწყების ხელმძღვანელს, ვინც შეძლო და თავისი წარმომადგენლები გამოგზავნა ამ სწავლებაზე. მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან კარგი და მტკიცედ წინ გადადგმული ნაბიჯი საინფორმაციო სფეროში ჩვენი ურთიერთქმედების გაუმჯობესებისაკენ. იმედი მაქვს, რომ ეს სწავლებები მუდმივად იქნება და სხვადასხვა უწყებები თვითონაც ჩაატარებენ მსგავს ღონისძიებებს, სადაც ჩვენ მონაწილეების სტატუსით ჩავერთვებით“,- აღნიშნა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.
„INFO 2016″ სამეთაურო-საშტაბო სწავლების „დიდგორი 2016-ის” მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენს და „გენერალური შტაბის J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის საინფორმაციო ოპერაციების განყოფილების ინიციატივით ჩატარდა. ხუთდღიანი სწავლების ფარგლებში მონაწილეებმა კრიზისული ვითარების დროს საინფორმაციო მოქმედებები დაგეგმეს და განახორციელეს. წვრთნების მიზანს თავდაცვითი ამოცანების შესრულების დროს საინფორმაციო ოპერაციების წარმართვა და სხვადასხვა უწყებებს შორის კოორდინაციის დახვეწა წარმოადგენდა.
სწავლებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი და კიბერუსაფრთხოების ბიურო, რომელიც სიმულაციური ოპერაციებისას ინფორმაციულ უსაფრთხოებასა და ტექნიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფდა.
სწავლებაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის სხვადასხვა სამსახურის, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროების, სახელმწიფო დაზვერვის დეპარტამენტის, ეროვნული უშიშროების საბჭოსა და კრიზისებისა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები