პრემიერი საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს სადილზე უმასპინძლა

 საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საერთაშორისო კონფერენციის–”ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირთან“ მონაწილეთა პატივსაცემად, საქართველოს მთავრობის სახელით გამართულ სადილს დაესწრო. ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მეგობრებსა და პარტნიორებს ძალისხმევისთვის – დაეხმარონ საქართველოს ევროპისკენ მიმავალ გზაზე. პრემიერმა წარმატება უსურვა კონფერენციის მონაწილეებს და კმაყოფილებით აღნიშნა, რომ კონფერენცია წარიმართა ფართო წარმომადგენლობით, სადაც არაერთი საინტერესო საკითხი იქნა განხილული.
პრემიერ–მინისტრის თქმით, განხილული საკითხები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რომელიც მოუთმენლად ელოდება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას.
„ჩვენი ევროპელი და ამერიკელი მეგობრები ძალას არ იშურებენ და ყოველმხრივ გვეხმარებიან, რომ რაც შეიძლება დაჩქარდეს ეს პროცესი. ევროკავშირში ინტეგრაცია ჩვენს ქვეყანას ჩააყენებს იმ სახელმწიფოთა რიგებში, რომლებიც დიდ ევროპულ ოჯახს ქმნიან. ჩვენ სხვა ალტერნატივა არა გვაქვს, რადგან საქართველოს დემოკრატიული განვითარება ჩვენი ხალხის არჩევანია. სწორედ ამიტომაცაა ევროკავშირში ეტაპობრივი ინტეგრაცია საქართველოს როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკის ქვაკუთხედი,“–განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები