2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაკარგული მაირ თედეევის ცხედარი რუსეთში აღმოაჩინეს
2008 წლის ომის დროს დაკარგული ე.წ. სამხრეთ ოსეთის მკვიდრის, მაირ თედეევის ცხედარი რუსეთში, ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, მაირ თედეევი 2008 წლის 9 აგვისტოს დაიკარგა და ამის შემდეგ 28 წლის მამაკაცის ცხედარს მისი ოჯახი ეძებდა.
მიმდინარე წლის თებერვალში ერგნეთში კონფლიქტების პრევენციისა და მათზე რეაგირების საკოორდინაციო ჯგუფის სხდომაზე გაირკვა, რომ სამხედრო თვითმფრინავი, რომელსაც მაირ თედეევი მართავდა, 2008 წლის 9 აგვისტოს საქართველოს საჰაერო სივრცეში ჩამოაგდეს, რა დროსაც პილოტი დაიღუპა. შემდეგ ქართულმა მხარემ დაღუპული პილოტის ცხედარი რუსულ მხარეს გადასცა და ის ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქ მოზდოკთან დაკრძალეს. 21 აპრილს მაირ თედეევის ცხედარს მის ნათესავებს გადასცემენ. მანამდე მას ექსჰუმაცია ჩაუტარდება.