საქართველო საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის პროექტს შეუერთდა

საქართველო პირველი ქვეყანაა კავკასიის რეგიონიდან, რომელიც საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის შესახებ ევროკავშირის ახალ, სამწლიან პროექტში ჩაერთვება. პროექტი ქვეყნებს შორის ოპერატიულ თანამშრომლობას, ინფორმაციის გაცვლას, არალეგალური ფულის მიმოქცევის კონტროლს და დამნაშავეთა დაკავების ერთობლივ კოორდინაციას გულისხმობს.
ავსტრიაში, ზალცბურგის ფედერალურ მიწაზე, საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კონფერენციაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც ერთ-ერთი ძირითადი პარტნიორი მიიწვიეს. კონფერენციაში – „ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კოორდინატორთა ქსელი – კანონის აღსრულება, ინფორმაციის გაცვლა“ 33 ევროპული ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა.
კონფერენციის მთავარი მომხსენებლები საქართველოს შს მინისტრის პირველი მოადგილე ბესიკ ამირანაშვილი, ზალცბურგის ფედერალური მიწის გუბერნატორი ვილფრედ ჰასლაუერი, ევროპოლის დირექტორის მოადგილე მარტინუ ოლდრიხი და ავსტრიის კრიმინალური პოლიციის უფროსი, გენერალ ფრანც ლანგი იყვნენ.
თავის გამოსვლაში ბესიკ ამირანაშვილმა ყურადღება გაამახვილა ორგანიზებულ და ტრანსნაციონალურ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე. როგორც მან აღნიშნა, საქართველომ ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნიდან 15 ქვეყანასთან უკვე დადო საერთაშორისო ხელშეკრულება დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ. ბოლო 3 წლის განმავლობაში, შს სამინისტრომ პოლიციის ატაშეები ევროპის მრავალ ქვეყანაში წარგზავნა.
შს მინისტრის პირველმა მოადგილემ განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი საქართველოს ევროპოლთან თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლის მნიშვნელობას. ევროპოლის მისიამ დადებითად შეაფასა საქართველოს კანონმდებლობა და არსებული პრაქტიკა პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით. მიმდინარე წელს საქართველო უკვე ხელს მოაწერს ევროპოლთან ოპერატიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას.
კონფერენციის ფარგლებში, ბესიკ ამირანაშვილმა ორმხრივი შეხვედრები გამართა ევროპოლის დირექტორის მოადგილე მარტინუ ოლდრიხთან, ავსტრიის კრიმინალური პოლიციის უფროს, გენერალ ფრანც ლანგთან, ავსტრიის ორგანიზებული დანაშაულის ბიუროს უფროს ანდრეას ჰოლცერთან და მოლდოვის პოლიციის უფროს ალექსანდრუ პინზართან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები