პანამის პოლიციამ Mossack Fonseca-ს ოფისში ჩხრეკა ჩაატარა
პანამაში პოლიციამ იურიდიული კომპანია Mossack Fonseca-ს ოფისში ჩხრეკა ჩაატარა. ეს კომპანია ოფშორული სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა. ამის შესახებ სააგენტო „ფრანს-პრესი“ იუწყება. პანამის პროკურატურაში აცხადებენ, რომ ჩხრეკა არა მარტო ცენტრალურ ოფისში, არამედ კომპანიის ფილიალებშიც ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმმა მსოფლიო ლიდერებზე და პოლიტიკოსებზე მასშტაბური გამოძიების მასალები, ე.წ. პანამის დოკუმენტები გამოაქვეყნა. მასში მსოფლიოს ასობით პოლიტიკოსის სახელია ნახსენები. ჟურნალისტების ხელში 2,6 ტერაბაიტი მოცულობის ელექტრონული საბუთები აღმოჩნდა, რომელშიც აღნიშნულია, რომ Mossack Fonseca კლიენტებს გადასახადებისგან თავის არიდებაში ეხმარებოდა. „პანამის საბუთების“ გამოქვეყნებას მსოფლიოში გრანდიოზული სკანდალი მოჰყვა. გამოძიება დაიწყო არგენტინაში, შვეიცარიაში, დიდ ბრიტანეთში, ნორვეგიასა და სხვა ქვეყნებში.