ბრაზილიის პრეზიდენტი – ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მზადდება
ბრაზილიის პრეზიდენტის დილმა რუსეფის განცხადებით, ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მზადდება, რუსეფმა ამაში პოლიტიკური ოპონენტები დაადანაშაულა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. პრეზიდენტის თქმით, შეთქმულების ერთ-ერთი ლიდერი ვიცე-პრეზიდენტი მიშელ ტემერია. ამის შესახებ კი აუდიოჩანაწერი მიუთითებს, რომელიც ორშაბათს ბრაზილიის მედიამ გაავრცელა. მასში ტემერი მოსახლეობას ერთიანობისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ პრეზიდენტის თანამდებობას ჩაიბარებს. თავად ტემერი ამბობს, რომ ჩანაწერი მედიაში შემთხვევით მოხვდა. ამჟამად ბრაზილიის პარლამენტი პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების საკითხს განიხილავს. მას კორუფციულ სქემებში მონაწილეობის გამო ადანაშაულებენ.