თეა წულუკიანი: ერთადერთი სფერო, სადაც გაუმჯობესება ფიქსირდება, არის სასამართლო სისტემა
იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, Freedom House-ის ანგარიშის თანახმად, ერთადერთი სფერო, სადაც წინა წელთან შედარებით გაუმჯობესება ფიქსირდება, არის სასამართლო სისტემა და მისი დამოუკიდებლობა.
როგორც წულუკიანმა აღნიშნა, „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიში აჩვენებს, რომ, თუკი შარშანდელთან შედარებით რომელიმე ინდექსი გააუმჯობესა საქართველომ − ეს გახლავთ მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა, სადაც ჩვენი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ ნათქვამია, რომ სწორედ ამ სტრუქტურულმა და მდგრადმა პოზიტიურმა ცვლილებებმა განაპირობა ის, რომ საქართველო მთლიანობაში თავისი დემოკრატიულობის ინდექსით დაწინაურდა.
“აღსანიშნავია, ანგარიშის მიხედვით, ერთადერთი სფერო, სადაც წინა წელთან შედარებით გაუმჯობესება ფიქსირდება, არის სასამართლო სისტემა და მისი დამოუკიდებლობა. რა თქმა უნდა, სხვა მაჩვენებლებიც არის დადებითი; მაგალითად, კორუფციის, კარგი მმართველობის, საარჩევნო პროცესის თუ მედიათავისუფლების კუთხით საქართველოს აქვს საუკეთესო მაჩვენებელი 2008-2012 წლების პერიოდთან შედარებით, და, რაც მთავარია, ყველა ამ მაჩვენებელში ტენდენცია არის დადებითი. ჩვენთვის მთავარია, ასევე, რომ გაისად კიდევ უფრო კარგი მაჩვენებელი ჰქონდეს საქართველოს და ამაში, მე მჯერა, რომ მართლმსაჯულების მესამე ტალღის რეფორმა ითამაშებს თავის როლს და პარლამენტი შეძლებს ხვალ და მომდევნო კვირებში კვორუმის შეკრებას, რათა იუსტიციის სამინისტროს და მთავრობის იდეა იმ ფუძემდებლური პრინციპისა, რომელიც ეხება საქმეთა ელექტრონულ განაწილებას, იქცეს კანონად; რადგან ეს ჩვენი იდეა, მჯერა, რომ მომავალ ინდექსებში საქართველოს დემოკრატიულობის ხარისხს კიდევ უფრო მეტად გაზრდის“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ Freedom House ანგარიშის თანახმად, საქართველოში დემოკრატიის დონე გაუმჯობესებულია, რის ერთ-ერთ ფაქტორად სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის დონის გაზრდას ასახელებს.