დავით უსუფაშვილმა კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარების შესახებ ეუთოს უმაღლეს კომისართან ისაუბრა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ეუთოს უმაღლეს კომისარს ეროვნული უმცირესობების საკითხებში, ასტრიდ თორს შეხვდა.
პარლამენტის თავმჯდომარემ გასულ წელს, ასტრიდ თორსთან გამართული შეხვედრა გაიხსენა და ხაზი გაუსვა, რომ ეუთოს უმაღლესი კომისრისა და მისი ოფისის რეკომენდაციები პარლამენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მათი უმრავლესობა კანონმდებლობაში უკვე ასახულია. ეუთოს უმაღლესი კომისარი საარჩევნო რეფორმითა და იმ კანონპროექტებით დაინტერესდა, რომელთა განხილვაც პარლამენტში ახლა მიმდინარეობს.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა რეგიონში არსებული ვითარება მიმოიხილეს. დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ წინა შეხვედრის შემდეგ, საგრძნობლად გაურესდა ვითარება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, ვინაიდან რუსეთმა დაიწყო ე.წ. ორმხრივი ხელშეკრულებების გაფორმება, რაც ფაქტობრივად ამ ტერიტორიების ანექსიას ნიშნავს. მისივე თქმით, რუსეთს დაწყებული აქვს ოკუპირებული რეგიონების საგანმანათლებლო, ფინანსური და სახხედრო სისტემების საკუთარ სისტემებთან ინტეგრირების პროცესი.
პარლამენტის თავმჯდომარმე აღნიშნა, რომ გალის რაიონის 11 სკოლის პირველ ოთხ კლასში სასწავლო ენად ქართულის ნაცვლად რუსული ენა გახდა, მაღალ კლასებში საქართველოს გეოგრაფიისა და ისტორიის სწავლება აიკრძალა, ხოლო ქართული ენის საათები მნიშვნელოვნად შემცირდა. დავით უსუფაშვილის შეფასებით, ერთი მხრივ, აღნიშნული მოვლენა გალის რაიონში მცხოვრები ქართული მოსახლეობის დისკრიმინაციაა, ხოლო მეორე მხრივ ქართულ ენაზე სწავლების აკრძალვა მნიშვნელოვნად ამცირებს სწავლის ხარისხს, რადგან ბავშვების უმრავლესობამ რუსული ენა არ იცის.
პარლამენტის თავმჯდომარემ და ეუთოს უმაღლესმა კომისარმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატზეც ისაუბრეს. ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებში ჯერჯერობით არსებითი პროგრესი არ შეინიშნება, თუმცა კარგია, რომ შეხვედრის ბოლო რაუნდმა კონსტრუქციულ ვითარებაში ჩაიარა.
შეხვედრის ერთ-ერთი თემა მთიან ყარაბაღში არსებული ვითარება იყო. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა საქართველოს პარლამენტის წევრების, რუსლან პოღოსიანისა და ალი მამედოვის მთიან ყარაბაღში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, სადაც დეპუტატები შეშფოთებას გამოთქვამდნენ საომარი მოქმედებების დროს სამხედროებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის გამო და იმედოვნებენ, რომ უახლოეს დღეებში მხარეები ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე შეთანხმებას მიაღწევდნენ. დავით უსუფაშვილის განცხადებით აღნიშნული განცხადება იმის მაგალითია, რომ ყველა კონფლიქტი და პრობლემა მშვიდობიანი გზით უნდა გადაიჭრას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები