„NDI-ს კვლევები პოლიტიზებულია და მოსახლეობის განწყობას არ ასახავს“
ექსპერტი, „კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილი NDI-ს კვლევებს არასარწმუნოდ მიიჩნევს. როგორც კასრელიშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, ორგანიზაციის გამოკითხვა წინასაარჩევნო მანიპულაციისთვის, გარკვეული ჯგუფების სასარგებლოდ ჩატარდა.
„ვერ გავიგეთ კვლევების მიზანი. შედეგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ისინი პოლიტიზებულია და არ ასახავენ მოსახლეობის ადეკვატურ განწყობას. გვეჩვენება, რომ ეს არის კონკრეტული ჯგუფების ინტერესები, ანუ სუბიექტურია და თუ უფრო მეტი კონკრეტიკაა საჭირო, გეტყვით, რომ ეს ციფრები ოპოზიციურ ჯგუფებს წინაასარჩევნო მანიპულირებისათვის სჭირდებათ, ერთი მარტივი მიზეზის გამო: ოპოზიციურ ჯგუფებს, როგორც ჩანს, დაბალი ნდობის ხარისხი აქვთ და მოსახლეობასთან სასაუბროდ არგუმენტები სჭირდებათ. ეს ციფრები სჭირდებათ იმისთვის, რომ უფრო მოტივირებული იყოს მათი წინასაარჩევნო კამპანია. გაუგებარია, როდესაც კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი კვლევებს ატარებს კავკასიის იმ რეგიონში, რომელიც საფრთხეების რკალშია და ერთი კითხვა არ აქვს დასმული სავარაუდო საფრთხეებთან და დაკონსერვებულ კონფლიქტებთან მიმართებაში, რომლებიც პერიოდულად ფეთქდება და რეგიონს ახალ კავკასიურ ომს უქადის“, – განაცხადა კასრელიშვილმა დღეს პორტალ „კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.