ვინ და რატომ შექმნა ფარული ჩანაწერები და რა იყო მისი გადაღების მოტივი – ოქრუაშვილი კონკრეტულ პირებს ასახელებს

ჩანაწერების უდიდესი ნაწილი მიეკუთვნება ე.წ. ძალაუფლების შენარჩუნების პერიოდს, ანუ 2007 წლის შემდეგ არის გადაღებული,- ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველმა, ირაკლი ოქრუაშვილმა ტელეკომპანია “პირველის“ ეთერში, ფარული ჩანაწერების თემაზე საუბრისას განაცხადა.
ირაკლი ოქრუაშვილი ამბობს, რომ მაშინდელი ხელისუფლების პირველი პირების გვერდის ავლით მსგავსი ვიდეოკადრების გადაღება ვერ მოხდებოდა.
ოქრუაშვილის თქმით, აღნიშნული ჩანაწერების გაკეთების მიზანი იმჟამინდელი ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების გაჩუმება და შანტაჟი იყო.
“ჩანაწერების უდიდესი ნაწილი მიეკუთვნება ე.წ. ძალაუფლების შენარჩუნების პერიოდს, ანუ 2007 წლის შემდეგ არის გადაღებული.  მე თავის დროზე ყოფილი ხელისუფლების წევრი ვიყავი და ვიტყვი, რომ ვერცერთ უწყებაში, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი, იქნებოდა ეს პროკურატურა, შინაგან საქმეთა თუ თავდაცვის სამინისტრო, ვერავინ გაბედავდა მსგავსი “კრეატივიზმის“ შემოტანას, რომ არ ყოფილიყო ნებადართული ჩემ მიერ. ამით იმის თმქა მინდა, რომ სააკაშვილის ნების გარეშე ამ საქმეებით ვერავინ იქნებოდა დაკავებული დამოუკიდებლად. ეს ყველაფერი კეთდებოდა იმისათვის, რომ საზოგადოებრივად აქტიური ადამიანები, ისინი, ვინც ხელისუფლების წინააღმდეგ ილაშქრებდნენ, გაჩუმებულიყვნენ და ეს ჩანაწერები მათ წინააღმდეგ გამოყენებულიყო. არანაირ აუცილებლობას არ წარმოადგენდა ამ ყველაფერის ტელევიზიებით ჩვენება. პირდაპირ მიდიოდნენ, აშანტაჟებდნენ და რაღად სჭირდებოდათ ამის ტელეეთერში გამოქვეყნება. ეს ყველაფერი შეთანხმებული იყო, ატმოსფერო შექმნილი იყო ზემოდან და შესრულება ხდებოდა კონკრეტული ჩინოვნიკების მიერ, ვინც არ უნდა, ხელები დაიბანოს, ეს იქნება სააკაშვილი თუ მერაბიშვილი, უშუალოდ, მათი ხელდასმით აკეთებდნენ ჩინოვნიკები ამ ყველაფერს“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.
ირაკლი ოქრუაშვილი მიიჩნევს, რომ ძალოვანი უწყებების ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ, რომლებიც ე.წ. ფარული კადრების საქმეზე დააკავეს, პასუხისმგებლობის საკითხი გაცილებით ადრე უნდა დამდგარიყო.
“ასეთი კატეგორიის ადამიანების მიმართ გარკვეული პასუხისმგებლობის დაყენება თავიდანვე არ მოხდა. ამ ბადეში, რომელიც პროკურატურამ “ისროლა“, მოყვნენ ადამიანები – გამორჩეულები თავიანთი ნაძირლობებით, ბოროტებებით, ბევრი მათგანი დაკავებული იყო ხელისუფლების შეცვლის საწყის ეტაპზევე, იმ ლმობიერებიდან გამომდინარე, რომელიც “ქართულმა ოცნებამ“ დაიკავა ე.წ. კოჰაბიტაციის შედეგად, ყველამ ცალსახად დავინახეთ, რომ ბევრ მათგანს გაუჩნდა არათუ დაუსჯელობის სინდრომი, არამედ პირიქით, აქეთ, შეტევაზე გადმოვიდნენ და დღეს ხელისუფლებას უწევს ფირის გადაბრუნება და პასუხის მოთხოვნა სამი წლის შემდეგ“, -განაცხადა ოქრუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები