გიორგი კვირიკაშვილი არაბთა გაერთიანებული საემიროების პრემიერს შეხვდა

ორი ქვეყნის ურთიერთობების ძირითადი საკითხები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და არაბთა გაერთიანებული საემიროების პრემიერ-მინისტრმა დუბაის საინვესტიციო ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე.
გიორგი კვირიკაშვილმა მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმს საქართველოს მხარდაჭერისა და მჭიდრო თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
მხარეებმა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთოების კუთხით არსებულ უდიდეს პოტენციალზე ისაუბრეს და გამოთქვეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ ორი ქვეყნის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას ეკონომიკის, ვაჭრობის, ტურიზმისა და ინვესტიციის მოზიდვისა მიმართულებით.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ არაბთა გაერთიანებული საემიროები ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია საქართველოში, რომლის ინვესტიციები სხვადასხვა სექტორში 700 მილიონ დოლარს შეადგენს. 2015 წელს ორმხრივი ვაჭრობის ბრუნვამ გადააჭარბა 240 მილიონ აშშ დოლარს, რაც ექვსი პროცენტით აღემატება წინა წლის მაჩვენებლებს.
არაბთა გაერთიანებული საემიროების პრემიერ-მინისტრმა, დუბაის მმართველ შეიხმა, მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმმა ხაზი გაუსვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის მნიშვნელობას ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარებისთვის და აღნიშნა, რომ არაბი ინვესტორების ინტერესი საქართველოს ბაზრის მიმართ სულ უფრო და უფრო იზრდება.
შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები