გიორგი ვოლსკი: ყოფილი პრემიერები სიაში არ იქნებიან

ყოფილი პრემიერები სიაში არ იქნებიან, ყოველ შემთხვევაში, მათი სურვილი ასეთია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა გიორგი ვოლსკიმ განუცხადა.
ვოლსკიმ კომენტარი გააკეთა საარჩევნო კოდექსში ინიცირებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც პრემიერ-მინისტრს აღარ მოეთხოვება თანამდებობიდან გადადგომა, თუ იგი წარდგენილი იქნება საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად.
„წარმოიდგინეთ, რა სიტუაცია შეიქმნება საქართველოში, როდესაც არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, თუკი პრემიერი გადაწყვეტს, რომ სიას ჩაუდგეს სათავეში და ეს მისასალმებელი იქნება, მთავრობის ხელახალი დაკომპლექტება ერთი კვირის ვადაში უნდა დაიწყოს, პრეზიდენტმა უნდა წარადგინოს… ერთი სიტყვით, გარკვეული სამართლებრივი და, ვფიქრობ, ქვეყნისათვის საზიანო სიტუაცია შეიძლება შეიქმნას ამასთან დაკავშირებით. ეს პრობლემაა მოსახსნელი”, – განაცხადა ვოლსკიმ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრს თანამდებობიდან გადადგომა აღარ მოეთხოვება, თუ იგი საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად იქნება წარდგენილი – შესაბამისი ცვლილების შეტანა „საარჩევნო კოდექსში“ იგეგმება. ცვლილებების ავტორები დეპუტატები – გიორგი ვოლსკი, ზვიად ძიძიგური და ვახტანგ ხმალაძე არიან, ხოლო ინიციატორები – ზვიად კვაჭანტირაძე და ვახტანგ ხმალაძე. ამასთან, ცვლილებების თანახმად, გასწორდება არსებული ტექნიკური ხარვეზი – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად აღარ მოიხსენიება საქართველოს პარლამენტის წევრი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები