კიდევ ოთხი პირობით მსჯავრდებული დასაქმდა
პავლე ჟ-ს სასამართლომ 150 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა შეუფარდა და მასზე კონტროლი იმერეთის პრობაციის ბიუროს დაავალა. სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვის პროცესში, აღმოჩნდა, რომ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომამისჯილი ავტომანქანების შემკეთებლის ხელობას ფლობდა და ამ პროფესიით, სამუშაოს ეძებდა.
იმერეთის პრობაციის ბიურომ პავლე ჯ-ს ანაზღაურებადი სამსახური მოუძებნა, რომელსაც ის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის პარალელურად შეასრულებს.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ინფორმაციით, პავლე ჟ. ტყიბულში მოქმედ ავტოპროფილაქტიკაში დასაქმდა, სადაც ის პირველ ეტაპზე 300 ლარს მიიღებს. ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფ ზაზა კ-ს, რისკისა და საჭიროებების შეფასებისას, მძიმე სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, დასაქმების საჭიროება დაუდგინდა. პრობაციის ბიუროს რეკომენდაციით, იგი რუსთავის მიმდებარე ტერიტორიაზე კერძო ფერმერმა საქონლის მწყემსად დაასაქმა. ზაზა კ. უზრუნველყოფილი იქნება საცხოვრებელი ადგილითა და საკვებით. პირველ ეტაპზე ის ხელფასის სახით, 250 ლარს მიიღებს. ფოთში შპს ”ამერიქან მონოლით”-ში დასაქმდნენ პირობით მსჯავრდებულები: მანუჩარ ქ. და გიორგი ლ. პრობაციონერები დოკერ მექანიზატორებად იმუშავებენ და ყოველთვიურად 500 ლარს გამოიმუშავებენ.