პიონტკოვსკი – ყარაბაღის კონფლიქტი პუტინს აწყობს

რუს პუბლიცისტსა და პოლიტოლოგ ანდრეი პიონტკოვსკის მიაჩნია, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი კრემლის ინტერესშია, ვინაიდან არც სომხეთი, არც აზერბაიჯანი მისი ესკალაციით დაინტერესებულები არ არიან. ამის შესახებ გამოცემა „აპოსტროფი“ იუწყება.
რუსი ექსპერტის აზრით, მთიან ყარაბაღში საყაიმო სიტუაცია შეიქმნა. სომხეთმა რეგიონში დაცვის ძლიერი ხაზი შექმნა, რომლის გარღვევა აზერნბაიჯანს ძალზე გაუჭირდება. თავად სომხური მხარეც მომავალი ესკალაციით დაინტერესებული არ არის. შესაბამისად, პიონტკოვსკი ამბობს, რომ აუცილებელია მესამე დაინტერესებული ძალის მოძიება.
„რუსული მედია ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაციაში თურქეთზე მიუთითებს. კრემლის ჟურნალისტების მტკიცებით, ეს იმისთვის ხდება, რომ „დიად რუსეთს“ საქმე გაუფუჭოს და აზერბაიჯანის სახით ახალი ფრონტი გაიხსნას, ამჯერად რუსეთის მოკავშირის, სომხეთის წინააღმდეგ. შესაბამისად, ეს ფრონტი რუსეთის წინააღმდეგაც არის გახსნილი. მაგრამ ძნელი წარმოსადგენია, რომ აზერბაიჯანი ერდოღანის ამ ძალზე სარისკო ავანტიურას აყვეს“, – ამბობს პიონტკოვსკი.
„ვფიქრობ, რომ ამ ესკალაციით მოსკოვია დაინტერესებული. ვლადიმერ პუტინმა, როგორც უდიდესმა „მშვიდობისმყოფელმა“, რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად თავისი დახმარება მხარეებს უკვე შესთავაზა. ეს სამშვიდობო გეგმა მას საშუალებას მისცემს, დასავლეთის თანხმობით მხარეების დაპირისპირების ხაზზე ჯარი დააყენოს. ეს კი მხოლოდ სომხეთსა და აზერბაიჯანზე კი არა, საქართველოზეც კონტროლის დამყარებას ნიშნავს, ვინაიდან მოსკოვმა შეიძლება მოითხოვოს, დერეფანი გიუმრის ბაზისკენ, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე გადის“, – აცხადებს რუსი პოლიტოლოგი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები